“როგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან” – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რეკომენდაციები
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული სურსათიდან მომდინარე ქიმიური საფრთხეების შესახებ საუბრობს და განმარტავს, როგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან.
“რაც შეეხება ნიტრატებს: ეს პროდუქტისთვის ქიმიური საფრთხეა. საკითხი ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ამ პერიოდისთვის, როდესაც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა ზღვარზე მაღალი ნიტრატების რაოდენობაა. ნიტრატები აზოტმჟავის მარილებია, რომლებიც ბუნებაში თავისთვის გვხვდება ნიადაგში და ბოსტნეულს ზრდაში, განვითარებაში ეხმარება. როდესაც ფერმერი ძალიან დიდი რაოდენობით სასუქებს, პესტიციდებს, თუ სხვა ქიმიურ დანამატებს იყენებს, ამ შემთხვევაში ეს ნიტრატები ზღვარს სცილდება და იმ ზღვარზე ადის, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება. ყველა პროდუქტისთვის არსებობს ნიტრატების რაოდენობა,რის ზემოთაც უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამის გასაკონტროლებლად საქართველოში პირველადი წარმოება კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ეს სხვა მიმართულებებთან შედარებით ნაკლებად კონტროლდება. სურსათის უვნებლობა არის ჯაჭვი და მოიცავს ფერმიდან სუფრამდე რგოლებს. ეს რგოლები ყველა უნდა კონტროლდებოდეს. პირველი რგოლი ფერმა და პირველადი წარმოებაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კონტროლდება და ზუსტად ეს უნდა იყოს ყველაზე ხშირად კონტროლირებული.
როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში: მაგალითისთვის, თუ მივიტანეთ პროდუქტი და არ გვაქვს არანაირი ხელსაწყო, რითაც შეიძლება, ნიტრატების რაოდენობა გავზომოთ, შეგვიძლია, გარკვეული ხილი და ბოსტნეული წყალში დავაყოვნოთ ( მაგალითად, ისეთი ხილი/ბოსტნეული რომელიც, შეიძლება, წყალში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს). მაგალითად, მარწყვის და კენკროვანი ხილის დიდი ხნით წყალში დაყოვნება არ შეიძლება. პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და ა.შ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში წყალში რომ დავაყოვნოთ, მათგან ნიტრატების რაოდენობის 20%-იდან 40%-მდე გამოვა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხილ-ბოსტნეულს, თავი და ბოლო მოვაჭრათ, რადგან ნიტრატების ყველაზე დიდი რაოდენობა ზუსტად თავსა და ბოლოში გროვდება. მწვანილების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ნიტრატი შეიძლება, ღეროში არსებობდეს. ამიტომ ღეროები საკვების მოსამზადებლად არ უნდა გამოვიყენოთ და და თავი ზედმეტი ნიტრატებისკენ ამით დავიცვათ. ნიტრატების შემცველობა საკმაოდ პრობლემურია, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი შესყიდვები და ანალიზების ჩატარება ხდება, ხშირ შემთხვევაში ვლინდება, რომ ნიტრატები გადაჭარბებული რაოდენობითაა. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ პირველადი წარმოება შესაბამისი კონტროლის ქვეშ არაა. პირველ რიგში, მაინც საზამთროა, რაშიც ნიტრატები ყველაზე ხშირად შეიძლება, იყოს. შემდეგი მოდის კარტოფილი, ასევე კომბოსტო. რაც შეეხება ნიტრატების საზომ აპარატებს: ეს შეგვიძლია, სახლის პირობებში გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ეს ლაბორატორიის შესაბამის დასკვნას ვერ მოგვცემს , მაგრამ სახლის პირობებში მშვენიერი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია”- განაცხადა არაბულმა “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას.