მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტს, რიკარდო ლეონ-ბორხეს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზები, საქართველოს მიღწევები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
მინისტრმა, ფედერაციის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა პარტნიორობის გაგრძელებისა და გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობა გაგრძელდება, დიპლომისშემდგომი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებითაც.
აღინიშნა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებაც – ის გახდა ევროპაში პირველი სააგენტო, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა. აღნიშნულმა მიღწევამ ქართულ სამედიცინო განათლებას საერთაშორისო დონეზე ახალი შესაძლებლობები გაუხსნა: საქართველოს უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, განათლება განაგრძონ და დასაქმდნენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.