ზურაბ კობეშავიძის ძმამ და სიძემ გამომძიებლის კითხვებს უპასუხეს

შს სამინისტროში 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე მომღერალ ზურა კობეშავიძის ძმის, ჰამლეტ კობეშავიძისა და მისი სიძის მამუკა ჭუმბურიძის დაკითხვა დასრულდა.
როგორც მამუკა ჭუმბურიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, ჩხრეკა აგარაკზე, სადაც 19 წლის ახალგაზრდა ჰყავდათ დატყვევებული, მისი ნებართვით ჩატარდა. მისი თქმით, მან სახლის გასაღები მეგობარს, ამჟამად დაკავებულ დურმიშხან ღვარჩლიანს ათხოვა, თუმცა დაგეგმილი დანაშაულის შესახებ არ იცოდა.
“მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ვენდე და ვათხოვე გასაღები, ამ აგარაკით მე და ჩემი ოჯახი ვსარგებლობთ. სახლი ჩემი სიმამრის, ჰამლეტ კობეშავიძის სახელზეა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სახლს მე განვკარგავ. მან 20 დღის წინ მეორე ოპერაცია გაიკეთა. ჩემი ცოლისდაც გარდაიცვალა და ამიტომ სახლს ყურადღებას მე ვაქცევდი. აბსურდია, რომ ინფორმაცია მქონდა იმ დანაშულის შესახებ, რომელიც მოხდა, სადაც ჩემს შვილებს სძინავთ, იქ კაცს როგორ დავაბმევინებდი”, – განაცხადა მამუკა ჭუმბურიძემ.
ჭუმბურიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ღვარჩლიანის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ ის თანამშრომელი იყო, თუმცა კონკრეტული უწყება, სადაც ის მუშაობდა, მისთვის უცნობია.
მისივე თქმით, იგი გამოძიების ფარგლებში უკვე მეორედ დაიკითხა და მომავალშიც მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
რაც შეეხება აგარაკზე ჩატარებულ ჩხრეკას, მისი თქმით, ამის შესახებ ჰამლეტ და ზურაბ კობეშავიძეებმა არ იცოდნენ, თუმცა ჩხრეკა მისი თანდასწრებით ჩატარდა.
“ჩხრეკის ნებართვა სამართალდამცველებს მე მივეცი და დავესწარი მას. ჩემს სიმამრს იმიტომ არ ვუთხარი, რომ 20 დღის ნაოპერაციებია, შვილი ჰყავს გარდაცვლილი და არ მინდოდა, რომ ენერვიულა”, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
გამოძიების მასალების მიხედვით, 19 წლის იოსებ გიორხელიძე, გოთუას ქუჩიდან გამოსასყიდის მოთხოვნის გამოძალვის სანაცვლოდ, 4 დღის განმავლობაში მცხეთის რაიონის სოფელ არმაზში აგარაკზე ჰყავდათ დატყვევებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები