უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩაატარა ყირიმში, ქერჩის ხიდზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის ცალმხრივი ანექსიის შემდეგ უკანონოდ ააშენა.
„ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენს მკაცრ პასუხს მიიღებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყალქვეშ მომხდარი აფეთქებაა ასახული.
„ოპერაცია რამდენიმე თვე გაგრძელდა. SBU-ს თანამშრომლებმა ამ უკანონო ობიექტის საყრდენები დანაღმეს. დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. წყალქვეშა საყრდენები ქვედა დონეზე ძლიერ დაზიანებულია – ამაში 1100 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება მონაწილეობდა. ფაქტობრივად, ხიდი საგანგებო მდგომარეობაშია“,- ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის მიმდინარეობას პირადად ხელმძღვანელობდა და მის დაგეგმვას კოორდინაციას უწევდა SBU-ს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი.
“ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მტერმა ის თავისი ჯარების მომარაგების ლოგისტიკურ არტერიად გამოიყენა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენს მკაცრ პასუხს მიიღებს“, – აღნიშნა მალიუკმა.
კიევმა ხიდს ორჯერ დაარტყა – 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში. ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა ფუნქციონირებას განაგრძობდა.
შეგახსენებთ, დღევანდელი ოპერაცია კვირას კიევის მიერ რუსულ სტრატეგიულ ავიაციაზე დრონებით მასობრივ თავდასხმას მოჰყვა, რომელიც ასევე SBU-ს ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის პირადი ზედამხედველობით განხორციელდა.