უკრაინაში ლუსტრაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. 39 ჩინოვნიკს დაითხოვენ
ლუსტრაციის კანონის ფარგლებში უმაღლესი რგოლის 39 ჩინოვნიკს დაითხოვენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 მათგანმა წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ლუსტრაციის შესახებ კანონი ძალაში დღეს შევიდა. დოკუმენტი ოფიციალურ საპარლამენტო გაზეთ „უკრაინის ხმაში“ გუშინ, 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ძალაში კი გამოქვეყნების მეორე დღეს, ანუ დღეიდან, 16 ოქტომბრიდან შევიდა.
კანონში გარკვეულია ლუსტრაციის განხორციელების სამართლებრივი და ორგანიზაციული პრინციპები დემოკრატიული ფასეულობების დამტკიცებისთვის და დაცვისთვის, სამართლის უზენაისობისთვის და უკრაინაში ადამიანის უფლებებისთვის. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ლუსტრაციის კანონის ამოქმედებით შემოწმება უკრაინაში 1 მილიონ ჩინოვნიკს შეეხება.
ლუსტრაციის კანონი სახელმწიფო თანამდებობების მქონე, ან ამ პოსტებზე პრეტენზიის გამომხატველი პირების შემოწმებას ითვალისწინებს. ეს ეხება ყველა სახალხო დეპუტატს (პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის ჩათვლით), ყველა მინისტრს და მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების ხელმძღვანელებს, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გენპროკურორს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც მობილიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი, კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე მოსამართლეების უმაღლესი კვალიფიკაციის კომისიის წევრებს, შსს-ს ორგანოების ხელმძღვანელებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს. დოკუმენტი პრეზიდენტის და ამ პოსტზე პრეტენდენტების ლუსტრაციულ შემოწმებას არ ითვალისწინებს.