საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ პირველი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, კომისიაზე, რომლის შემადგენლობაშიც საკრებულოს, ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის, დედაქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები შედიან, 35 საკითხი განიხილეს. სხდომას ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც საკრებულოს დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარედ ერთი თვის წინ აირჩიეს. მისი მოადგილის პოსტი კი, დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ დაიკავა.
მოქალაქეების მიღებამდე, კომისიის წარმომადგენლებმა, პროცედურების თანახმად, კომისიის მდივანი აირჩიეს. ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის კობა კობალაძის კანდიდატურა წამოაყენა, რომელსაც კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომაზე საკითხები ინდივიდუალურად განიხილებოდა. განმცხადებლები სხდომას პირადად ესწრებოდნენ და მათ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს უშუალოდ ისმენდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სხდომაზე მხოლოდ ორთოფოტოზე 2007 წლამდე დატანილი ობიექტები განიხილეს.
“შემოსული 35 განცხადებიდან 10 ხელახალ განხილვას ითვალისწინებს, 25 კი სხდომისძირითად საკითხებს წარმოადგენს. დღევანდელ კომისიაზე იყო თემები, რომლებზეც კომისიის წევრებს დამატებითი კითხვები გაუჩნდათ. ასეთი შემთხვევებისთვის გვყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის სიტუაციას და მხოლოდ მათი შემოწმების შემდგომ განხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ ექსპერტი, რომელიც დაადგენს ნაკვეთზე არსებული შენობისა თუ ღობის ხანდაზმულობას“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გარდა კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს დეპუტატი – კობა კობალაძე, საჯარო რეესტრის წარმომადგენელი – დიმიტრი მახათაძე,მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – გიორგი ნიჟარაძე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ნინო ღოღობერიძე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი – გიორგი თაბუაშვილი შედიან. “მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ ხუთშაბათს გაიმართება