აშშ-ში არჩილ გეგეშიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
საქართველოს ექსპრეზიდენტსა და შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს შორის ვაშინგტონში, CATO-ს უნივერსიტეტში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მომხსენებლად იყო მიწვეული, ცხარე დისკუსია გაიმართა. თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და სინანულით განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ახალი მმართველი ძალის მოსვლის შემდეგ მთელ რიგ სფეროებში, სადაც ადრე რეფორმები წარმატებით გატარდა, უკუქცევითი პროცესები დაიწყო.
სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სიტყვა ითხოვა საქართველოს ელჩმა, რომელმაც შეკითხვის ნაცვლად, კრიტიკული კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მმართველობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ ის ყოფილი პრეზიდენტისგან 2012 წლის არჩევნებში განცდილი მარცხის მიზეზებზე ლაპარაკს ელოდა.
“სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლაში დავინახე წარსულისა და აწმყოს დამახინჯებული სურათი. რა თქმა უნდა, 2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვანმა ტრანსფორმაციამ საქართველოს ცვლილებები მოუტანა, მაგრამ აღმოსავლური ბრძნული გამონათქვამის მიხედვით, “ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის”. სამწუხაროდ, ეს ცვლილება მოხდა დამსჯელი ძალის მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების ხარჯზე. რაღაც ეტაპზე ამან ბიძგი მისცა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. სწორედ ეს დასრულდა 2012 წლის არჩევნებით,” – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
ელჩის რეპლიკას პასუხი მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა დიპლომატს უსურვა, რომ ერთ დღეს უფრო თავისუფლად შეძლებოდა საკუთარი აზრის გამოთქმა.
“გიპასუხებთ სინგაპურის ყოფილი ლიდერის სიტყვებით, ის თავის წიგნში ამბობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ მთავრობას ხალხი მაქსიმუმ 10 წელიწადში გადაირჩევს თავისუფალი არჩევნების გზით, რადგან ხალხს ცვლილება უნდა. მან ასევე თქვა, რომ სწორედ ამის გამო არ ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ და ხალხს მივეცით არჩევანის გაკეთების საშუალება. მათ აირჩიეს ის, რაც უკეთესი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, არჩევნები საფასურს მოითხოვს. როდესაც ვსაუბრობ ფეოდალურ მენტალიტეტზე, ვგულისხმობ კორუმპირებულ ელიტას, რომელიც ჩემი ქვეყნის სათავეში დაბრუნდა. Facebook-ით მივმართე ჩემს ხალხს და გავაცანი ჩემი სამომავლო პროგრამა, ამას არ გავაკეთებდი, დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი ქართველების კრეატიულობაში და არც აქ ვიქნებოდით. ის რეფორმები, რომლებიც გავატარეთ, ის შენობები, რომელიც ავაშენეთ – ეს მათ გააკეთეს და ამით ვამაყობ. ბატონო ელჩო, თქვენი მდგომარეობის ნამდვილად არ მშურს. აქ არიან ყოფილი ელჩები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა და ამას გისურვებთ თქვენც. თქვენ თქვით, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, მაგრამ არსებობს მეორე გამოთქმაც: შეიძლება ოქრო არ იყო რაც ბრწყინავდა, მაგრამ ხომ ბრწყინავდა? ხალხი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის”, – განაცხადა მიხეილ საკააშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Z7kr1t-1u2″ width=”560″ height=”315″]