დაიბადა სიღნაღში, მაგრამ ბავშვობა კარდენახში გაატარა. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.
2022 წლიდან თვითნასწავლი მხატვარია. ხატავს ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს, როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს…
მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ და ონლაინგამოფენებში.
2023 – სმირნოვების მუზეუმის მიერ ორგანიზებული თვითნასწავლი მხატვრების კონკურსის „ემოციის გრადაცია“ გამარჯვებულია. – ანა აბულაძის პერსონა.
– სიღნაღში დავიბადე, პირველად სწორედ იქ ჩავისუნთქე სიღნაღის ჰაერი. თუმცა ბავშვობა ჩემს მშობლიურ სოფელ კარდენახში გავატარე. ულამაზესია კარდენახი, ალაზნის ველით და კავკასიონის ხედით. ეს ბუნებრივი სილამაზე დღემდე მიყვარს და ჩემს ხასიათშია გამჯდარი. ჩემი მშობლიური გვარია ხელაშვილი, ამჟამად კი მეუღლის გვარზე ვარ.
ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. მართალია, მაშინ ამას პროფესიულად არ ვუყურებდი და არც მიფიქრია, თუ ოდესმე ვინმე მხატვრად მომიხსენიებდა. უბრალოდ, დიდი სიამოვნებით ვხატავდი – ფანქრით, არა ტილოზე და არა საღებავებით, – პორტრეტებს, ყვავილებს, ჩემს სახლს. ეს იყო რაღაც შიგნიდან მომდინარე სურვილი, რომელიც წლებთან ერთად არ გამნელებია.
– კომპიუტერული მეცნიერებისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ყველა საგანი მიყვარდა, მაგრამ მათემატიკა განსაკუთრებულად, რადგან მათემატიკაში მომწონდა ის, რომ რაღაც იყო ამოსახსნელი, მისაღწევი, უნდა დაგესახა მიზანი და სწორ პასუხამდე მისულიყავი. ამას მანამდე არ ვნებდებოდი, სანამ არ ვიპოვიდი გზას, ეს პროცესი მომწონდა და მიტაცებდა. სწორედ ეს მიდგომა გამყვა ცხოვრებაში.
წარმოუდგენელია, მაგრამ ხატვის დროსაც ასე ვარ, დასასრულისკენ ისე მივდივარ, როგორც სწორ პასუხამდე, რაც ჩავიფიქრე, ის, რომ მივიღო. კომპიუტერული მეცნიერება კი იმ პერიოდისთვის, როცა სკოლა დავამთავრე, სიახლე იყო ტექნოლოგიების სამყაროში და ამ მიმართულებით ჩემი ნიჭის განვითარება და გამოყენება მინდოდა.

– პირველი ნახატები…
– ჩემი შვილები დავხატე, ჩემი შვილების პორტრეტები ქაღალდზე ფანქრით. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევრები, რომლებიც განვათავსე ჩემს ფეისბუქ გვერდზე და დადებითი ემოციაც მივიღე მეგობრებისგან. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, ამეღო ფუნჯი და მეცადა ტილოზე, ეს იყო პირველი პეიზაჟი და პირველივე ულამაზესი გამომივიდა. მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ…
– ხატავთ ნატურმორტებს, პეიზაჟებს,
– ვხატავ ნატურმორტებს, პეიზაჟებს, ბატალურ ჟანრშიც მაქვს ნახატი შესრულებული, რომელიც შეკვეთით დავხატე ჯ. სუხოდოლსკის ნახატის მიხედვით, სახელწოდებით „ახალციხის ბრძოლა”, ასევე – რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარი და პორტრეტები. ეს ნამუშევარი კი, სახელწოდებით – „ზღვის კოცნა” არის კონცეპტუალური, ფიგურატიული ნამუშევარი.

– „ჩემი სოფელი დავხატე – „კარდენახი“… ეს არც ფოტოინსპირაციაა, არც პლენერი. თვალები დავხუჭე, წარმოვიდგინე და ისე დავხატე“ – წერთ ერთ სტატუსში…
– ეს იყო სრულიად ემოციური პროცესი… თითოეული ადგილი, თითოეული კუნჭული ჩემი სოფლის ამ ნახატში უკავშირდება ჩემს მოგონებებს, ხატვის დროს იქ ვიყავი, განვმეორდი, ხელახლა განვიცადე ჩემი ბავშვობა.
ზუსტად დავწერე, წარმოსახვაში, თვალდახუჭული ვხატავდი. ყოველი ადგილი გონებაში ისე მაქვს ჩახატული, არც ფოტო მჭირდება და არც თვალები, რომ დავინახო. ჩემს ფიქრებში განცდილი და გახსენებული გადმოვიტანე ტილოზე. ეს არ არის უბრალოდ ხედი, ეს არის სითბო, სევდა, დროის ხსოვნაში გაყინული კადრი, ჩემი კარდენახი, ისეთი, როგორიც მე მახსოვს..

– კამკამა ფერები, გულით დადებული“ – ასე აფასებენ თქვენს ნამუშევრებს სოციალურ ქსელში… დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ცხოვრობს მხატვარი. მშობლიური კარდენახის ფერები და კავკასიონის ხედი დიდ ძალას და ფანტაზიას გაძლევთ ალბათ?
– უდიდესი ბედნიერებაა, როცა ამდენ თბილ და ლამაზ შეფასებებს ისმენ და კითხულობ, არცერთი კომენტარი არ დაწერილა ვალდებულებით ან ჩემი გულის მოსაგებად, არა, ეს არის გულწრფელი, ალალი, გულიდან წამოსული, სიყვარულით სავსე სიტყვები.. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ხელოვნებას ჩემს უძვირფასეს, ულამაზეს და საამაყო კუთხეში, მესხეთში ვეზიარე, სადაც უკვე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და რომელიც უზომოდ მიყვარს და მეამაყება.
სოფლის მხატვრულმა სილამაზემ, უძველესმა კულტურამ, არაჩვეულებრივად უთბილესმა მოსახლეობამ, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, შემიყვარა და შევიყვარე. ეს განცდა ჩემს ნახატებშიც იგრძნობა. უდიდესი ემოცია და სიყვარული ჩავდე უდის ერთ-ერთი ულამაზესი უბნის, „უდეს რაბათის” დახატვისას და ვფიქრობ, განსაკუთრებულიც გამოვიდა. ზუსტად ამ ორმა ულამაზესმა კუთხემ გააღვივა ჩემში ხატვისადმი სიყვარული. თავისუფლება ხატვაში ვიპოვე, ვხატავ ჩემებურად, როგორც ვფიქრობ, როგორც ვხედავ, როგორც შემიძლია. ხატვის დროს მთლიანად ვიხარჯები, მთელ შესაძლებლობას, ემოციას, გულს ვდებ შიგ. როდესაც ნახატი იქმნება, პაუზებს ვაკეთებ, დავდებ წინ ნახატს და უსასრულოდ ვუყურებ, ამ დროს მოწყვეტილი ვარ გარე სამყაროს და იქ ვარ მთელი არსებით, ჩემს ნამუშევარში.

– ყველაზე დიდი ტილო „აბანოთუბანია“… გჭირდებათ შთაგონება?
– ეს კონკრეტული ნახატი ,,აბანოთუბანი” შეკვეთით შევქმენი, ამიტომ არ ყოფილა ჩემი პირადი შთაგონებით დაწყებული პროცესი, მაგრამ ხატვისას ყოველთვის ვგრძნობ იმ ადგილს, რომელსაც ვხატავ, მისი ფერები, სითბო, ისტორია. ზოგადად კი, შთაგონება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ხანდახან ის წინასწარ მოდის, ხანდახან კი მუშაობის პროცესში იბადება. არ არის აუცილებელი, რომ შთაგონება მხოლოდ ჩემიდან მოდიოდეს, ის შეიძლება მოვიდეს ადამიანიდან, დეტალიდან, შეკვეთიდანაც კი.
– როდის ხატავთ და რამდენი ხანი გჭირდებათ ერთი ნამუშევრის დასახატად?
– უმეტესად თავისუფალ დროს ვხატავ, ამიტომ კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს ვუნდები ერთ ნამუშევარს, ეს დამოკიდებულია ასევე ნამუშევრის სირთულესა და ზომაზე. ზოგჯერ რამდენიმე დღე მჭირდება, ზოგჯერ კვირები, თუმცა ყოველთვის მეჩქარება, დასასრული ვნახო.

– ჰობი…
– ჩემი მთავარი ჰობია ხატვა, ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ასევე ძალიან მიყვარს ბუნებაში სეირნობა და განმარტოება, ეს მომენტები მეხმარება საკუთარ თავთან კავშირის გაღრმავებაში. ასევე სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებთან ერთად დროის გატარება და მოგზაურობა, რამე ახლის და საინტერესოს ნახვა.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– სულ ახლახან დავასრულე ჩემს შემოქმედებაში ყველაზე საინტერესო, განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევარი, სახელწოდებით – „ყველა ფანჯარას თავისი ისტორია აქვს”.
ეს არის ნახატი, რომელიც არცერთი სივრცის ფორმატში არ ეტევა, ნახატის იდეა, კომპოზიცია და შესრულება, მთლიანად ორიგინალურია და მთლიანად მე მეკუთვნის. მსგავსი სხვაგან არ შეგხვდებათ. სამი ტილო და ერთი ამბავი, დარაბებიც კი კომპოზიციის ნაწილია – ორივე მხრიდან მოხატული. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს უნდა ნახოთ. ნახატი იმყოფებოდა „მხატვართა სამყაროს” ჯგუფის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, სადაც უდიდესი მოწონება, აღფრთოვანება და ემოცია გამოიწვია.

– გამოფენები, ჯილდოები… 2023 – სმირნოვების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ თვითნასწავლი მხატვრების კონკურსის „ემოციის გრადაცია“ გამარჯვებული ხართ…
– ხატვა აქტიურად 2022 წლიდან დავიწყე, როგორც თვითნასწავლი, როგორც მოყვარული და სულ რაღაც სამ წელიწადში უკვე არაერთ ჯგუფურ, ასევე ონლაინ გამოფენებში და კონკურსებში მივიღე მონაწილეობა, ვფიქრობ, ამ მცირე დროში ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა.
სმირნოვების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ თვითნასწავლი მხატვრების კონკურსში გამარჯვება ჩემმა „ალაზნის ველმა” მომიტანა.. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი მომენტი, პირველი გამოფენა, პირველი კონკურსი და პირველივე გამარჯვება. ეს მხოლოდ აღიარება არ ყოფილა, ეს იყო ჩემთვის მყარი ნაბიჯი იმ გზაზე, სადაც თვიდაჯერება, შთაგონება და სილაღე ერთიანად მჭირდება, რომ მეტად ვენდო საკუთარ ხედვას და თამამად ვუზიარო სხვებს ის ემოციები, რაც ჩემს ფერებშია.
აქვე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო „,სმირნოვების მუზეუმს” და განსაკუთრებით პროექტების მენეჯერს, საოცარ და უსაყვარლეს ქალბატონს – მანანა მელაშვილს.

– ოჯახი…
– ამჟამად ვცხოვრობ მესხეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. მყავს მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი მესხი ბიჭი – „სწავლით ქებულნი”. უფროსი შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრანტია, უმცროსი კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არ მაქვს გაწერილი, რადგან ჩემი გამოცდილებით ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი მოვლენები ხშირად დაუგეგმავად, თავის დროზე ხდება. თუმცა მაქვს ჩემი ხედვები, სურვილები და მოლოდინები, მჯერა, რომ ოდესღაც საკმარისი დრო, სიმშვიდე და შინაგანი სილაღე მეყოფა, რომ ოცნებები ნელ-ნელა რეალობად ვაქციო.



თამარ შაიშმელაშვილი