ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები გააუქმა

ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ათობით ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები და განაცხადა, რომ მისი მცდელობა, გაემართლებინა ისინი ეროვნული საგანგებო სიტუაციების ფართოდ გავრცელებული პრეტენზიებით, მის სამართლებრივ უფლებამოსილებას აღემატებოდა.

როგორც “პოლიტიკო” წერს, სასამართლოს გადაწყვეტილება დარტყმას აყენებს ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ ცენტრალურ პრინციპს, რადგან ის ცდილობდა გამოეყენებინა ტარიფები, როგორც ინსტრუმენტი მსოფლიოში, მოგებიანი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევისთვის.

“ჩვენ ეს საქმე იმიტომ აღვძრათ, რომ კონსტიტუცია არცერთ პრეზიდენტს არ აძლევს ეკონომიკის გადატრიალების უკონტროლო უფლებამოსილებას. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი კანონები მნიშვნელოვანია და რომ სავაჭრო გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიღებულ იქნეს პრეზიდენტის ახირებით”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებულებები, რომლითაც ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ გამოცხადებული სავარაუდო ეროვნული საგანგებო მდგომარეობის საპასუხოდ კანადურ და მექსიკურ პროდუქციაზე 25%-იანი გადასახადი და ჩინურ პროდუქციაზე 20%-იანი ტარიფი დაწესდა. ასევე, გაუქმდა აშშ-ის ყველა სავაჭრო პარტნიორისთვის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად დაწესებული 10%-იანი ტარიფი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე, შესაძლოა, უზენაეს სასამართლომდეც მივიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები