რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დასრულებისთვის წაყენებულ პირობებს შორისაა მოთხოვნა, რომ დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დადონ პირობა, შეწყვეტენ ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას და მოხსნან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები,- ამის შესახებ Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის დასრულება სურს და ბოლო დღეებში პუტინის მიმართ მზარდი იმედგაცრუება გამოხატა, სამშაბათს კი გააფრთხილა, რომ რუსეთის ლიდერი „ცეცხლს ეთამაშება“, როდესაც კიევთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარი თქვა.
„პუტინი მზადაა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
ანონიმური წყაროების ცნობით, რუსეთის ლიდერს სურს, დასავლეთის მსხვილი სახელმწიფოები „წერილობით“ დაჰპირდნენ, რომ არ გააფართოებენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ნატო-ს ალიანსს აღმოსავლეთისკენ – რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს.
ასევე, კრემლს სურს, რომ უკრაინა ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს.
ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ მას სჭირდება დასავლეთისგან ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რათა შეაჩეროს რუსეთის ნებისმიერი მომავალი თავდასხმა.
როგორც “როიტერი” წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინსვლა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაჩქარდა, ომი როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას დანაკარგებისა და სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით ძვირად უჯდება.