ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს მშვიდობის ელჩის წოდება მიენიჭა (ვიდეო)

გამოჩენილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს UNESCO-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვას გადაწყვეტილებით, „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ (UNESCO Artist for Peace) წოდება მიენიჭება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მუსიკოსს ტელეფონით ესაუბრა. მინისტრმა ეს მნიშვნელოვანი წარმატება მოულოცა და მისი სტატუსის მანდატით გათვალისწინებულ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც „UNESCO“-ს წოდება საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ენიჭება.
„UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის“ არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან, გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ძირითადად, ესენი არიან გამოჩენილი ადამიანები, ვინც თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს UNESCO-ს კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.
ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ფონდ „ლირას“ მეშვეობით ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა.
ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა UNESCO-ს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს UNESCO-ს ეროვნული კომისიის პრეზიდენტის, მაია ფანჯიკიძის მიერ ა.წ. ივლისში წარედგინა.
ქ.პარიზში UNESCO-ს სათავო ოფისში ტიტულის მინიჭება ოფიციალურ ცერემონიაზე მოხდება. „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ სტატუსს ატარებს მსოფლიოს 54 ხელოვანი. მათ შორის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორიცაა: ხოაკინ კორტესი, სელინ დიონი, ვლადიმირ სპივაკოვი, დანილო პერესი, მარკუს მილერი და სხვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელით, ვულოცავთ ქალბატონ ელისოს საპატიო წოდებას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0PXxuxkBbuw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები