ირაკლი ჩიქოვანი: მთელს საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, სრულიად საქართველოს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. მინისტრმა თავისუფლების მოედანზე ღონისძიების დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებთან 26 მაისის ღონისძიების ტრადიციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველას გვაერთიანებს.

„ეს არის დღე, რომელიც არის ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლო“. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო 26 მაისს, ტრადიციულად, რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალით ხვდება. „რეკრუტებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მან, ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებაში თავდაცვის ძალების აბსოლუტურად ყველა სახეობა მონაწილეობს, ასევე მოეწყობა თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ტექნიკისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოფენები.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო საკუთარი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველდღიურად ცდილობდა დაახლოებოდა საკუთარ ისტორიულ ადგილს, ევროპულ ოჯახს. „დარწმუნებული ვარ, რომ იმ გეგმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აუცილებლად შევძლებთ დავიმკვიდროთ საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში და, რა თქმა უნდა, ეს მოხდება ერთიანი სახელმწიფოს პირობებში. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი ერთიანი მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები“.

მინისტრის განცხადებით, დღეს ყველას განწყობა განსაკუთრებულად ამაღლებული და საზეიმოა, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რამდენიმე ჯარისკაცმა საკუთარ რჩეულს ხელი სთხოვა: „დღეს, მართლაც, ყველას ამაღლებული, საზეიმო განწყობა აქვს და უკვე რამდენიმე სამხედრომ ხელიც სთხოვა რჩეულს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალ ოჯახებს“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები