კომპანია Amazon-მა ახალი რობოტი შექმნა – მას საწყობში მუშაობა შეუძლია

კომპანია Amazon-მა ახალი რობოტი შექმნა. მისი სახელია ვულკანი. კომპანიის განცხადებით, რობოტი ზუსტად განსაზღვრავს, რა წნევაა საჭირო სხვადასხვა ზომის, ფორმისა და სიმკვრივის ნივთების ასაღებად და გადასაადგილებლად.

“Vulcan-ი, რობოტიკის სფეროში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ის გარემოს მხოლოდ კი არ უყურებს, არამედ გრძნობს. ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომლებიც აქამდე ამაზონის სხვა რობოტებს არ ჰქონია”,- განაცხადა აარონ პარნესმა, ამაზონის პრაქტიკული მეცნიერების დირექტორმა.

ადამიანის მსგავსი შეხების, მგრძნობელობის მისაღწევად, ვულკანი სპეციალურ ჯოხს იყენებს. ის ნივთის ამომცნობი კამერითაა აღჭურვილი. ვულკანი ჯოხის მეშვეობით საწყობის ყუთებს სწვდება, გადააადგილებს ნივთებს და სასურველს პოულობს.

მას ასევე შეუძლია, ადამიანის დახმარება ითხოვოს. ამას მაშინ აკეთებს, როდესაც გრძნობს, რომ რამის აღებას ვერ მოახერხებს.

Amazon-ის განცხადებით, ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, რობოტი საწყობში მომუშავე თანამშრომლების ფიზიკურ დატვირთვასაც შეამცირებს.

როგორც მედია იუწყება, ამაზონის მიზანი მომდევნო ათი წლის განმავლობაში დასაქმების ზრდის ტემპის შენელებაა. კომპანიას ასე ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარი დაეზოგება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ამაზონმა თავის საწყობებში 750 000 რობოტი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები