სოფო ნიკოლაიშვილი ,,ნაცმოძრაობაზე”: ეს ძალა არ იცვლება, ახლა მათ არ აქვთ ძალაუფლება, უბრალოდ ახლა აქვთ მათ ეს იარაღი პარტიული მედიის და არა კრიტიკულის სახით, ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ანტიგმირებისგან გმირებს, ამას ახვევენ საზოგადოებას

ეს ძალა არ იცვლება. ახლა მათ არ აქვთ ეს ძალაუფლება, უბრალოდ ახლა აქვთ მათ ეს იარაღი პარტიული მედიის და არა კრიტიკულის სახით, ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ანტი გმირებისგან გმირებს, ამას ახვევენ საზოგადოებას, – ამის შესახებ „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ჟურნალისტებისგან, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ, ქმნიან მოღალატეებს, რუსეთუმეებს.

„საქართველოს ერთ-ერთი ძალიან დიდი ტრაგედია არის ის, რომ ვერასდროს ვაფასებთ ახლო ისტორიას სწორად, ობიექტურად, არ ვიცი რატომ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას, მათ შორის ჟურნალისტებს, არ აქვს ნანახი ის, რაც ჩვენ გვაქვს გამოვლილი და ნანახი. არ აქვს ამის ანალიზის უნარი, იმიტომ, რომ ეს უნდა ისწავლო ხომ?! უნდა იმუშაო იმდენი ხანი, რომ ეს უნარი გამოგიმუშავდეს, მათ შორის ისეთ გადაცემებზე, რომელიც ანალიტიკას ითხოვს. მე ვმუშაობდი ასეთ გადაცემებზე, ვარ ამ მოვლენების შემსწრე და აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა და პირველად არ ვამბობ ამას, ეს ძალა არ იცვლება არასოდეს. არც მისი განახლება მოხდა, ახლა რომ წინა პლანზე რაღაც კომიკური პერსონაჟები არიან „ლიდერების“ სახით. როგორც კი ისინი ძალას იგრძნობენ უცბად გაჩნდება ყველა მთავარი მონაწილე იმ ტრაგედიების, რასაც თქვენ აქ დღეებისა და თვეების განმავლობაში უსმენთ.

როგორც მაშინ ხდებოდა შეთქმულებების მოფიქრება, ეს ნოემბრიდან-ნოემბრამდე ფილმების მოგონება, ადამიანების ინტერვიუების, ისტორიების გაყალბება, ადამიანებისთვის ფეხზე ლოდების მობმა და გასამართლების გარეშე ზღვაში გადაგდება. ეს ძალა არ იცვლება. ახლა მათ არ აქვთ ეს ძალაუფლება, უბრალოდ ახლა აქვთ მათ ეს იარაღი პარტიული მედიის და არა კრიტიკულის სახით, ქმნიან ფეიკებს, ქმნიან ანტი გმირებისგან გმირებს, ამას ახვევენ საზოგადოებას. ჟურნალისტებისგან, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ ქმნიან მოღალატეებს, რუსეთუმეებს. მე მიმაჩნია, რომ მოღალატეები თავიანთ რიგებში უნდა მოიკითხონ და ამაზეც მისაუბრია არაერთხელ. აბსოლუტურად იგივე მეთოდები, ბოროტება.

ძალიან ხშირად დამისვამს ჩემი თავისთვის კითხვა, რომ რაღა დროს „ნაციონალური მოძრაობაა”. ამდენი წელი გავიდა. დღეს გერმანიაში ფაშიზმზე ყოველ წელს ფილმს იღებენ და ყველაზე პრესტიჟულ კინო დაჯილდოებებზე, „კანი” იქნება ეს, „ბერლინალე” თუ „ოსკარი”, ყველაზე ხშირად ასეთი ფილმები იმარჯვებს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებზე და ხალხის წამებაზე მოგვითხრობს. არა თუ გერმანია, მთელი მსოფლიო, ევროპა არ ივიწყებს ფაშიზმს, იმიტომ, რომ ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ თუ გვინდა ჰუმანური მსოფლიო ეს არ უნდა დავივიწყოთ და თქვენ ახლა, რა ისტორიებსაც აქ ისმენთ, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ფაშიზმი, მე ასეთ შეფასებას ვაძლევ, ეს ჩემი უფლებაა“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები