სოფო ნიკოლაიშვილი „იმედში“ შეჭრაზე: არავითარი დოკუმენტი არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო ასეთი აქტი – ეს მოხდა მხოლოდ შემდგომ დღეს, როცა მაშინდელმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ დაყადაღებულიყო „ტელეიმედის“ ქონება

“არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო ასეთი აქტი, “- ამის შესახებ „ტელეიმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედში“ სპეცრაზმის დეტალებზე ისაუბრა.

„ეს შემოსვლა მათი მხრიდან რაც არ უნდა კანონიერად ყოფილიყო გაფორმებული, არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო ასეთი აქტი. ეს მოხდა მხოლოდ შემდგომ დღეს, როცა მაშინდელმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ დაყადაღებულიყო „ტელეიმედის“ ქონება. წინა დღეს დარბეულები ვიყავით. საღამოს, როცა ეს ყველაფერი მოხდა, გვიან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ანუ არავითარი იურიდიული დოკუმენტი არ არსებობდა ამ დროს, როდესაც ეს ხდებოდა „ტელეიმედში“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მან სცეპრაზმის შეჭრაზე და განხორციელებულ ქმედებებზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენ ვიყავით მესამე სართულზე, ამოვარდნენ, მობილური ტელეფონები დაგვაყრევინეს ძირს. გვითხრეს, რომ კედელთან დავმდგარიყავით და არ გავნძრეულიყავით. ეს მოყოლით შეიძლება, შეიძლება მსუბუქი სურათი იყოს, მით უმეტეს წარმოუდგენელ ისტორიებთან შედარებით, რასაც თქვენ აქ ისმენთ. აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ფსიქოლოგიური და ფიზიკური განადგურების შიშის ჩანერგვა – რომ „შენ რომ ჟურნალისტი გგონია თავი“ ბოდიში ამ სიტყვისთვის, „ტლიკინებ პირდაპირ ეთერში, ჩემს პირობებში არავინ არ ხართ, გაგანადგურებ დღესვე, თუ დამჭირდა, ფიზიკურადაც“. უნდოდათ, ამ ძალადობრივი კამპანიით აი, ეს განცდა დაეტოვებინათ მთლიანად ჩვენში.

ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად უფლება აყრილები. ფაქტობრივად, ერთმანეთთან საუბრის უფლებაც არ გვქონდა, იმიტომ, რომ ჩვენს შორის იდგნენ ნიღბიანი ადამიანები. „იმედი“ გაივსო ყველანაირი ჯურის ადამიანით, ყველას ნიღბები ეკეთა, ეს არ იყო მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმი. იყვნენ სამხედრო ფორმიანებიც, ჯინსიანებიც. შემდეგ დაგვამწკრივეს. ხომ გინახავთ ფაშისტური გერმანიის რეჟიმის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში მწკრივად რომ დააყენებდნენ. ეს იყო მკაცრად გაკონტროლებული, რომ ამ მწკრივს არ უნდა გავცდენოდით. ჩამოგვიყვანეს კიბეებით. გარკვეული დრო ქვემოთ ვიყავით, არ ვიცოდით, რა გველოდა და გამოგვიშვეს ლუბლიანას ქუჩიდან. მანამდე ჩაკეტილი იყო „იმედი“.

დავინახეთ „იმედის“ დაცვის თანამშრომლები წელს ზემოთ შიშვლები როგორ ეყარნენ მიწაზე. პირველ სართულზე თანამშრომლებს იარაღსაც როგორ უმიზნებდნენ. ლუბლიანას ქუჩაზე რომ გამოვედით, აქ დაიწყო ჩვენთვის ყველაფერი – უკვე ბნელდებოდა და საოცრად ჩახერგილი იყო ეს ქუჩა სასწრაფოს მანქანებით, უამრავი სასწრაფოს მანქანა იყო. ვფიქრობდი, რა საჭიროა ეს მანქანები, თითქოს, ფიზიკურად გადავრჩით. დავიძარით დიღმის ტყე-პარკისკენ. ერთად მივდივართ ამ გადაცემის გუნდი, წამყვანები, პროდიუსერები, ასევე კიდევ რამდენიმე ადამიანი, ბევრნი ვიყავით. 200 მეტრი რომ გავიარეთ, აინთო ციმციმები. დაიწყეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ფარებზე ხელკეტების ბრახუნი და დაიძრნენ ჩვენკენ. დაიწყო დარბევა.

ისეთი სიტუაცია იყო, ვინ სად გავრბოდით, არ ვიცოდით. განცდა იყო, რომ ეს რობოტი მოდის, თავში გირტყამს და ცხოვრება მთავრდება. შემდეგ დავინახე ჩემი მეუღლე და ინგა გრიგოლია, ინგას ფილტვის ოპერაცია ჰქონდა [გაკეთებული], ვერ სუნთქავდა და ირაკლი მიათრევდა ინგას, გაიქცნენ ტყისკენ. დამიძახეს, სოფო, აქეთ მოდიო. მეც წავედი. ტყისკენ რამდენიმე ადამიანი გავიქეცით.

გამოგვეკიდნენ ამ ტყეებში. რამდენიმე ტყვია [რეზინის] ირაკლის მოხვდა, ცრემლსადენი გაზი, არ ვიცი, რა ვისუნთქეთ. დავარდნა-ადგომით, რაღაცანაირად კორპუსი დავინახეთ და ამ კორპუსის მაცხოვრებლებმა მიგვათრიეს, აგვიყვანეს, შეგვიფარეს და ჩაგვკეტეს ოჯახებში და გვეუბნებოდნენ, გეხვეწებით, ჩუმად იყავითო, რომ არ გაიგონ, რომ შეგიფარეთო.

იყო ორსული დიანა ტრაპაიძე, საკმაოდ დიდი ორსული იყო. საათების შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება და ცხადია, პირველი დიანა გავუშვით, ინგაც მოხვდა საავადმყოფოში. მოგვიანებით თანამშრომლის მანქანა, მოგვაკითხა, გაიგო, რომ აქ ვართ და გამოგვაპარა. რა თქმა უნდა, ჩვენ „იმედში“ ვეღარ შევედით ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები