ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდს უცხოელი სტუდენტების მიღებას უკრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება.
გავრცელებული ცნობით, ადმინისტრაციამ ჰარვარდის სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა. ჰარვარდის უნივერსიტეტს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.
„დაე, ეს იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“, – დაწერა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მიდგომა ჰარვარდის გარდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებითაც გამოიყენონ.
ჰარვარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი უკანონოა.