რუსეთ-უკრაინის მემორანდუმს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს, ხელი უკრაინის ახალმა მთავრობამ უნდა მოაწეროს,- ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, მაქსიმ მუსიხინმა გააკეთა.
“მნიშვნელოვანია, თუ ვისი ხელმოწერა იქნება დოკუმენტზე, რადგან მათმა ახლანდელმა “ლიდერმა” დიდი ხანია, რაც ქვეყნის შიგნითაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ხოლო ქვეყნის გარეთ საუბარი ზედმეტია. შესაბამისად, შესაძლოა გაჩნდეს პრობლემები ნებისმიერი შეთანხმების ვალიდურობასთან, რომელსაც ხელს მსგავსი ადამიანი მოაწერს” – ამბობს მუსიხინი.
მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის არ აქვს უფლება, შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
“ზელენსკი არ არის შესაფერისი ხელმომწერისთვის. უკრაინელმა ხალხმა თავისუფლად უნდა აირჩიოს ახალი ლიდერი”, – თქვა მან.
ცნობისთვის, პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით.