ირაკლი რუხაძე: 7 ნოემბრის დილა დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით, შემოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, „ბორჯომში“ შევიდა საგადასახადო, „ტელენეტში“ შევიდა საგადასახადო, „სტანდარტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკი და სპეცდანიშნულების ჯგუფი

7 ნოემბერს, საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს წინააღმდეგ ერთდროულად აღეგზნო – ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

„ბადრი პატარკაციშვილი ქვეყნიდან წავიდა 4 ნოემბერს, მიტინგი იყო, სიტყვით გამოვიდა და წავიდა. ის ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 7 ნოემბრის დილა ჩემთვის დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით, როცა დილას ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ ნიღბიანი ხალხი შევარდა მთაწმინდის პარკში, რომელიც ჩვენ უკვე დამთავრებული გვქონდა და გაშვებული გვქონდა საცდელ რეჟიმში. სამი წელი ვმუშაობდით ამ პროექტზე და უზარმაზარი ენერგია ჩავდეთ. თვითონ ბადრი იყო ძალიან დაინტერესებული და ყოველდღე იქ იყო, ამ პარკში და ფაქტობრივად ყველაფერი დამთავრებული გვქონდა. არანაირი დავალიანება არ გვქონია მერიის და არაფერი.

ნიღბიანები შემოვარდნენ იქ და გამოგვყარეს მთაწმინდის პარკიდან. შემოვიდა მერია და სპეცდანიშნულების რაზმი. პარკიდან, რომ გამოვედი, დამირეკეს, რომ „ბორჯომში” შევიდა საგადასახადო, „ტელენეტში” შევიდა საგადასახადო. „სტანდარტბანკში” შევიდა ეროვნული ბანკი და ასევე სპეცდანიშნულების ჯგუფი. ეს ყველაფერი ხდებოდა 7 ნოემბერს, ჩვენს წინააღმდეგ ერთსა და იმავე დღეს აღეგრძნო საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი ნაწილი. მერე ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ ეს ასე არ იყო.

მე რაღაც მომენტში შევირბინე „იმედში” და გიორგი თარგამაძეს ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს გარშემო და რეალურად ხომ შენ გამო და „იმედის” გამო ხდება, ამიტომ მზად იყავით იმიტომ, რომ თქვენ უნდა დაგარტყან, რადგან სხვანაირად აზრი არ აქვს, ბანკს თუ დაგვიხურავენ ამით რას მიაღწევენ თქო. ასეც მოხდა საღამოს. მე მინდოდა, რომ ჩაეწერათ და მე ვუთხარი კამერები გარეთ დააყენეთ თქო, რომ მაქსიმალურად მოვასწროთ ჩვენება როგორ შემოდიან, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საღამოს უკვე შევარდნენ „იმედში”. მივედი, მაგრამ არ შემიშვეს და სანამ მე ვჩხუბობდი, რომ შევეშვი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამასობაში დაგვიშინეს რეზინის ტყვიები და მერე იქ უკვე ყველაფერი აირია-დაირია და მას მერე იმედში ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ შევსულვართ. დალეწეს აპარატურა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს, მათ შორის ფეხმძიმე ქალი იყო იქ“,- აღნიშნა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები