ირაკლი რუხაძე: „იმედის“ დარბევის შემდეგ ყოველდღე დავდიოდი დაკითხვებზე – რომ გამოელიათ კითხვები, ბადრის მეგობრის სახლი გაჩხრიკეს, ძველი გაზეთები ამოიღეს და დამიდებდნენ „კომუნისტს“ და მეკითხებოდნენ ამა თუ იმ სტატიასა და ფოტოზე რას ფიქრობო

იმდენად ცინიკური იყო ეს ყველაფერი, რომ რაღაც მომენტში რომ გამოელიათ კითხვები, ბადრის მეგობარი იყო ერთი გოგი ჯაოშვილი და იმის სახლი გაჩხრიკეს, ძველი გაზეთები ამოიღეს და დამიდეს 60-70-იანი წლების „კომუნისტი“ და მეკითხებოდნენ ამა, თუ იმ სტატიასა და ფოტოზე რას ფიქრობო, – ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

რუხაძემ „იმედის“ დარბევის შესახებ ისაუბრა.

„გამოგვყარეს „იმედიდან“, მე მიჭერდნენ. ბევრი ადამიანი გაიქცა საქართველოდან ამ დროს, რადგან სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ დამიჭერდნენ როგორც ამერიკის მოქალაქეს, მეგონა ეს დამიცავდა და დამიცვა კიდეც. ხანდახან ღამის დაკითხვებზე რომ დავყავდი ხოლმე, მეგონა მტოვებდნენ. ვერ გაბედეს მაინც დატოვება [დაჭერა], რადგან ამერიკის საელჩო ძალიან გვედგა გვერდით. ყველა დაკითხვის შემდეგ, როდესაც [დაკითხვიდან] გამოვდიოდი, საელჩოში მივდიოდი და ვწერდი განცხადებას.

ამერიკელი პარტნიორები მყავდა და ისინიც საქართველოში იყვნენ. დაკითხვებზე ყოველდღე დავყავდი ისე, როგორც სამსახურში. აეროპორტში თუ მივდიოდი, მიჭერდნენ და დაკითხვაზე მივყავდი. იმდენად ცინიკური იყო ეს ყველაფერი, რომ რაღაც მომენტში რომ გამოელიათ კითხვები, ბადრის მეგობარი იყო ერთი გოგი ჯაოშვილი და იმის სახლი გაჩხრიკეს, ძველი გაზეთები ამოიღეს და დამიდეს 60-70-იანი წლების „კომუნისტი“ და მეკითხებოდნენ ამა, თუ იმ სტატიასა და ფოტოზე რას ფიქრობო.

დავიქირავეთ ინგლისის ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოში ცხოვრობდა იმ დროს, ჩვენს გვერდით იყო. დავიქირავეთ ამერიკაში ლობისტები, „ნიუსკორპიც“ გვეხმარებოდა. ეს ხდებოდა სანამ ბადრი [პატარკაციშვილი] გარდაიცვლებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ფულიც გადაგვიკეტა სააკაშვილის მთავრობამ“, – აღნიშნა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები