მე-2 ქვეით ბრიგადაში უფროსკლასელ მოსწავლეებს უმასპინძლეს
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებში შემავალ ქვედანაყოფებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებიდან მაღალი კლასების მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს უმასპინძლეს. ახალგაზრდებმა ქვედანაყოფში ვიზიტის სურვილი თავად გამოთქვეს.
„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს ჯარისკაცებთან გასაუბრების, მათი ცხოვრების წესისა და ყოველდღიურობის გაცნობის გარდა, ინფრასტრუქტურის, საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების სისტემების, ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ახალგაზრდებმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა გმირობის ისტორიები და მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების ისტორია მოისმინეს. მოგვიანებით, სტუმრებმა ქვედანაყოფის სასადილოში ჯარისკაცების საკვებიც მიირთვეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.