ნინო ბურჯანაძე: ჩვენი ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის მიმართ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს. ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ რუსეთის მიმართ ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. როგორც ბურჯანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ მავნებლურ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. „კვირა“„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: „მე არაერთგზის გავაკეთე განცხადება და გავაფრთხილე ქართული პოლიტიკური ელიტა, რომ მათ მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებები ძალიან დააჩქარებდა პროცესებს საქართველოსთან მიმართებაში და ჩვენ სერიოზულ ჩიხში შეგვიყვანდა. ჩემი პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებიც კეთდება კონკრეტული მინისტრების მხრიდან, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეხება, მოყვა უმძიმესი რეაგირება რუსეთის მხრიდან, რომლის შესახებაც ჩვენ რუსეთი თავის განცხადებებში ადრეც გვაფრთხილებდა. რამდენიმე კვირის წინ პირველად გაკეთდა განცხადება აფხაზეთთან რუსეთის ერთობლივი საჯარისო ფორმირების შესაძლო შექმნის თაობაზე, დღეს კი უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული ძვრები მოხდა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების არასწორი მოქმედებების, რუსეთთან რეალური პოლიტიკის არარსებობის გამო ხდება ამ პროცესების დაჩქარება.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაადეკვატურია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს განცხადებას, რომ აღნიშნული მოქმედებები ხელს შეუშლის რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას. რომელ ნორმალიზაციაზე ვლაპარაკობთ? მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ღვინის რუსეთის ბაზარზე გატანაზე? თუ ვლაპარაკობთ რეალურ ნორმალიზებაზე, რომელიც არც დაწყებულა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არც დაიწყება იმის გამო, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ კიდევ ერთხელ გავხდით თვალნათლივ მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს ერთიანი გუნდი, ერთიანი პოზიცია, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ მავნებლურ განცხადებებს, რომლებიც შეიძლება არის რომელიმე სახელმწიფოს საამებელი, მაგრამ ნამდვილად არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ამის მაგალითი იყო განცხადებები ნატოს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის განცხადება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით, თუნდაც მისი დღეს გაკეთებული განცხადება, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თურმე რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება. დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობს და არ წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილი ასიათასობით ადამიანის ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ რეალობას, ვესაუბროთ ამ ადამიანებს, მით უფრო ამ კონკრეტულ სიტუაციაში თავად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც კითხვის ნიშნები გააჩინა. როდესაც ამას არ იყენებ და ამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როცა ვერ ბედავ იმას, რომ პირდაპირ დაელაპარაკო აფხაზეთის და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. ჩავიდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთში და ოსეთში, დაელაპარაკონ ადგილზე მყოფ ადამიანებს. ჩვენ რომ გვყავდეს რეალურად პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლება, დღეს უკვე პირდაპირი დიალოგი ამ თემებთან დაკავშირებით მოსკოვთან დაწყებული უნდა იყოს. მაგრამ ამას ვერავინ ბედავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე იყურება მოკავშირეების მიმართულებით, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დღესაც აცხადებს, რომ მალე დეოკუპაციის პროცესი დაიწყება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით. სამწუხაროდ, ეს არის ილუზია, ეს არის ჩვენი ხალხის მოტყუება. ვერავინ ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და არც უნდა მოვთხოვოთ დასავლეთს, რომ ჩვენს მაგივრად იმოქმედონ. ვერავინ მოაგვარებს ამ პრობლემას თუ არა თავად საქართველოს ხალხი და ხალხის რეალური წარმომადგენელი ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს საქართველოს ინტერესებზე და არა იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ნებისმიერი დაკვეთა. პირდაპირ გეტყვით: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ხელისუფლება რომელი მიმართულებიდან წამოსულ დაკვეთას შეასრულებს, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. საქართველოს ხელისუფლება იმ საქმეს უნდა აკეთებდეს და იმ დაკვეთას ასრულებდეს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და მხოლოდ ქართველი ხალხისგან მოდის.
სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი რესურსი ამ მოლაპარაკებებისა არ გააჩნია. ძალიან საგანგაშო სიგნალებია ნებისმიერი იმ ადამიანისათვის, რომელიც ერკვევა პოლიტიკაში. საქართველო განვითარების უმძიმეს ფაზაში შედის და ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს ხელისუფლების უსუსურობა და უპასუხისმგებლობა. 2010 წელს, 2011 წელს, როდესაც მე შეხვედრები მქონდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, საქართველოსთვის განუზომლად უფრო ფართოდ იყო გახსნილი აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კარი, ვიდრე დღეს. სამწუხაროდ, ეს კარი ყოველდღიურად იხურება. რა თქმა უნდა, ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს კარი არ დაიხუროს, მაგრამ ამაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს ვერ ელაპარაკება, რადგან ერთმანეთთან ვერ პოულობენ საერთო ენას.
რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გარეშე, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დასავლეთთან, აღმოსავლეთთან ან სამხრეთთან მტრობას და ურთიერთობების გაწყვეტას, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს და შეიძლება კიდევ უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე დავდგეთ. ვისაც გესმით პოლიტიკა, ესეც უნდა გესმოდეთ და ვისაც არ გესმით, მინდა ვთხოვო რომ ეს განცხადება ძალიან გულდასმით მოისმინოს და თავად გააკეთოს ანალიზი, რა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა“, – წერს ნინო ბურჯანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.