შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო სექტორები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, მინისტრის მოადგილე
ვახტანგ გომელაურმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ
გამეზარდაშვილმა ლაგოდეხში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეოთხე სექტორ „ახალსოფელი“-ს,
მესამე სექტორ „მსხალგორი“-ს და პირველ სექტორ „ცოდნის კარი“-ს შენობები
საზეიმოდ გახსნეს. გახსნის ცერემონიას უწყების ხელმძღვანელი პირები
დაესწრნენ.
აღნიშნული სექტორებიდან „მსხალგორი“ და „ახალსოფელი“ საქართველო-რუსეთის
ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე, ხოლო სექტორი „ცოდნის კარი“
საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი
სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის
და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი
სექტორების მშენებლობისთვის.
სასაზღვრო სექტორის ახალი შენობები სრულიად შეესაბამება ევროპულ
სტანდარტებს. ინფრასტრუქტურა უახლესი ტექნოლოგიებით მოეწყო და აღჭურვილია
სხვადასხვა სახის თანამედროვე აპარატურით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო
საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წლის
თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ
სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე
სამმართველოს სამი სექტორი „ახკერპი“ , „ბურდაზორი“ და „ვახტანგისი“
გახსნა.
საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია
3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო
საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის
რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო
სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე
აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.
2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა:
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში პრიორიტეტად დაისახა საზღვრის
განვითარება იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იყო
საზღვარი, როცა ჩვენ ჩავიბარეთ. ნახეთ თქვენი თვალით თუ სად ცხოვრობდნენ
ჩვენი მესაზღვრეები და რა პირობებში უხდებოდათ მათ თავისი სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულება. გაკეთდა 4 საზღვარი, შვიდი საზღვარი უკვე გაიხსნა,
სექტორი გაიხსნა უკვე შვიდი და კიდევ იგეგმება სამი სექტორის გახსნა. ახლო
მომავალში, დაახლოებით ორ კვირაში ორი კიდევ გაიხსნება და წლის ბოლომდე
ერთი, სულ მთლიანობაში ათი სექტორი იქნება ახალი გახსნილი.
ორ ეტაპად მოხდა სახელფასო ცვლილება, დანამატები, ეს არ იყო ათი და ოცი
ლარი. აქ ასი, ორასი და სამას ლარზე არის საუბარი, ყველაზე დაბალი
ხელფასები ჰქონდათ მესაზღვრეებს რატომღაც და ამაზე ალბათ მე ვერ გაგცემთ
პასუხს, მე თვითონაც მაინტერესებს, რატომ ჰქონდათ ყველაზე დაბალი ხელფასები
ჩვენს მესაზღვრეებს. არა მარტო ხელფასები და ინფრასტრუქტურა განვითარდა,
ტრანსპორტი შეიცვალა, ბევრი კვადროციკლი დაემატა და მომავალში ვგეგმავთ
ჩვენ კიდევ კამერების, როგორც ღამის ხედვების, ასევე სითბური კამერებით
აღჭურვას ჩვენი საზღვრის, რათა ნაკლები ფიზიკური დატვირთვით მიიღონ მეტი
ეფექტი, მეტი შედეგი მიიღონ“.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა განაცხადა: “თქვენ
დღეს საშუალება გაქვთ დაესწროთ სამი ახალი სასაზღვრო სექტორის გახსნას.
აღნიშნული სასაზღრო სექტორები არის ევროსტანდარტების მქონე. თქვენ ნახეთ რა
პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენი მესაზღვრეები, ელემენტარული პირობები არ
ჰქონდათ, რათა მათ შეესრულებინათ მათზე დაკისრებეული მოვალეობა. ჩვენ ერთი
წლის განმავლობაში შევძელით ის, რომ გავხსენით ათი – ორი დასრულების
პროცესშია და გაიხსნება – ათი ახალი სასაზღვრო სექტორი. ასევე ჩვენ ძალიან
ამბიციური გეგმები გვაქვს, მომავალ წელსაც ვფიქრობთ, რომ 2016 წლისათვის
სრულად დასრულდება საზღვრის მოდერნიზაცია და საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი იქნება დაცული ისე, როგორც ეს არის განვითარებულ ძლიერ ქვეყნებში.
მოხდა ასევე ტექნიკური აღჭურვილობის შეცვლა, ჩვენ მესაზღვრეებს დღეს აქვთ
რადიო-ტექნიკური საშუალებები – ნატოს სტანდარტების მქონე. ასევე არის იმის
და მიხედვით როგორ გვაძლევს საშუალებას რელიეფი აღნიშნულ სექტორზე, ძალიან
აქტიურად არის გამოყენებული ამერიკული „პოლარისის“ ტიპის კვადროციკლები.
იყო ესეთი ფაქტები, გამოვლენილი იყო მესაზღვრეებისა და კრიმინალურ
პოლიციასთან ერთობლივად, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის ფაქტები. ახლა
უკვე იკლო, იმიტომ, რომ მესაზღვრეები ძალიან ეფექტურად მუშაოებენ.
24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და როდესაც კრიმინალები ხედავენ ამას უკვე
აღარ რისკავენ, რომ შემოვიდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არარეგალური
გზით.
ჩვენ სექტორებზე ძირითადად არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმებულები.
მოგეხსენებათ ადგილობრივებმა უკეთ იციან ის საცალფეხო ბილიკებიც კი,
საიდანაც შეიძლება შემოვიდნენ არარეგალურად ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ ჩვენ
ვთვლით, რომ უფრო მეტად იყვნენ ადგილობრივები დასაქმებულები, რათა უფრო
ეფექტურად შეასრულონ თავის სამსახურებრივი მოვალეობა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები