ბათუმის აეროპორტში, ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე გაიმართა
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღე ჩატარდა,”- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ტავ ჯორჯიას” პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მისულიყო აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა წარედგინა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის. კანდიდატებმა წარადგინეს რეზიუმე, გაიარეს გასაუბრება და გამოხატეს კონკრეტულ პოზიციებზე დასაქმების სურვილი.
“ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გასაუბრებებს ატარებდა კანდიდატების შესარჩევად შემდეგ პოზიციებზე: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი. ყველა აღნიშნული ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებდა.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, “ტავ ჯორჯიასთვის” ღია კარის დღის ღონისძიების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება უკვე ჩვეული პრაქტიკაა. ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც 230 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დღესდღეობით 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული,”- ნათქვამია ინფორმაციაში.