თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ შენარჩუნებული დუმილით გარკვეულ კომფორტში იყო, ეს კომფორტი კი პრემიერის ღია წერილით და პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებით დაირღვა
„ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ და საქართველოს პარლამენტის მიერ „MEGOBARI აქტის” პასუხად მიღებული სპეციალური განცხადების შესახებ ისაუბრა.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ შენარჩუნებული დუმილით გარკვეულ კომფორტში იყო, ეს კომფორტი კი პრემიერის ღია წერილით და პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებით დაირღვა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ მეგობრული ტონით არის დაწერილი და იქ მითითებულია, თუ რას ელის საქართველოს ხელისუფლება და ხალხი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან. [დღეს უკვე საქართველოს პარლამენტმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „MEGOBARI აქტის” პასუხად სპეციალური განცხადებაც მიიღო]. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აშშ-სგან ან სიტყვიერი, ან საქმით გამოხატული პასუხი აუცილებლად იქნება.
ეს რამდენიმეთვიანი დუმილი, [რაც საქართველოს მიმართ არსებობდა აშშ-ის მხრიდან], მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, აუცილებლად უნდა დარღვეულიყო. მართალია, ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ საქმეებს სჯობს, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი დუმილი უკვე გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ შენარჩუნებული დუმილით გარკვეულ კომფორტში იყო, [ეს კომფორტი კი პრემიერის ღია წერილით და პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებით დაირღვა]”, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.