საქართველომ გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის კონფერენციაზე საქართველოს წარმატებული მიდგომები წარადგინა
გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ, მონაწილეობა მიიღო გაერო-ს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე – „მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტების წინ წამოწევა“. დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიდგომაზე. განცხადებაში აღინიშნა საქართველოს ერთგულება მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ მდგრადი განვითარების ფუძემდებლურ კომპონენტებს.
აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და აქტიურად იყენებს ტექნოლოგიებს საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად. ამ პროგრესის კონკრეტულ მაგალითად დასახელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 124 საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება, რომელიც დაახლოებით 500-მდე სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს.
განცხადებაში დეტალურად იყო აღწერილი საქართველოს პროაქტიული ზომები ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ვებგვერდის my.gov.ge მეშვეობით მოქალაქეებისთვის 500-მდე ელექტრონულ სერვისის მიწოდება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მობილური სერვისების დანერგვა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის წარმატებით ინტეგრირება როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციით გამოწვეულ სირთულეებს. აღინიშნა, რომ ოკუპაცია კვლავ აფერხებს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის პრინციპების სრულ რეალიზაციას საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
დასასრულს, საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო 2026 წლის ივნისში თბილისში უმასპინძლებს გაეროს საჯარო სამსახურის ფორუმს.