ლევან მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: რამდენადაც რუსეთი სხვა თემებით იქნება დაკავებული, ისინი თვლიან, რომ ევროკავშირს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობა
„თვითონ აღიარებენ, რომ მათი ინტერესია ევროკავშირის გარეთ, მათ საზღვრებთან, რაც შეიძლება მეტად იყოს რუსეთი სხვა თემებით დაკავებული. იქნება ეს ომები, არასტაბილურობა თუ ა.შ.,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„რამდენადაც რუსეთი სხვა თემებით იქნება დაკავებული, ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობა. თავად აღიარებენ ამას, სწორედ ამას ვამბობდით ჩვენც, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სურდათ თავის დროზე საქართველოს დაეძაბა ურთიერთობები რუსეთთან იყო ის, რომ კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩენილიყო სადღაც სხვაგან, რადგან ნაკლები რესურსი ექნებოდა რუსეთს ევროკავშირზე და ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლის და მათზე წნეხის გაზრდის“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის.