ვლადიმერ ბოჟაძე ბარათაშვილის ხიდზე არსებული პლაკატის დაზიანებაზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან, სინამდვილეში ასეთ ბანერებს აზიანებენ
,,ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან, სინამდვილეში ასეთ ბანერებს აზიანებენ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ადამიანებისთვის მთავარი მონობაა.
„როგორც ჩანს მათთვის საქართველოს თავისუფლება კი არ არის მთავარი, მთავარია მონობა, გააჩნია რომელი ქვეყნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და სუვერენული, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს ქვეყნის გარეთ, ეს ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში და ამ გადაწყვეტილებებს იღებდეს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი, წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.