“გლობალური ომის პარტია ფიქრობდა, რომ საქართველო, უკრაინის მსგავსად, ომის საზარბაზნე ხორცის როლს შეასრულებდა იმ მიზნების აღსრულებაში, რაც მათ ჰქონდათ” – მათიკაშვილი

“ჩვენმა ქვეყანამ ნეგატიურ ძალებს საქართველოს მიმართ მოლოდინები არ გაუმართლა. მოლოდინები გაუმართლა საკუთარ ხალხს. ეს ქვეყნის თავისუფალ განვითარებას და უსაფრთხოებას გულისხმობდა. „დიფ სთეითმა“ საქართველოს ეს რეალობა არ აპატია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “გლობალური ომის პარტია ფიქრობდა, რომ საქართველო, უკრაინის მსგავსად, ომის საზარბაზნე ხორცის როლს შეასრულებდა იმ მიზნების აღსრულებაში, რაც, სამწუხაროდ, მათ ჰქონდათ”.

“უკრაინას ნატო-ში შესვლის პერსპექტივა რომ არ ჰქონდა, ამერიკის წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ხმამაღლა არ ამბობდნენ, პირად საუბრებში, კონკრეტულ პირებს ამ ყველაფერს უდასტურებდნენ და აცხადებდნენ, ომი მაინც არ დაიწყება და რატომ ნერვიულობთო. ომი დაიწყო. მოლოდინები, რაც ნეგატიურ ძალებს საქართველოს მიმართ ჰქონდათ, ჩვენმა ქვეყანამ არ გაუმართლა. ეს ნიშნავს, რომ მოლოდინები გაუმართლა საკუთარ ხალხს და საკუთარ ერს. ეს იმედი ქვეყნის თავისუფალ განვითარებას და უსაფრთხოებას გულისხმობდა. ბუნებრივია, „დიფ სთეითმა“ საქართველოს ეს რეალობა არ აპატია. ეს ყველაფერი ლუსტრაციაა, როგორ შეიძლება, არაფრისგან ეცადონ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას სამაგიერო გადაუხადონ და თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით სქემა შეთითხნონ. გუშინ ქართველ რადიკალებს აქტის მიღება უხაროდათ, რაც მძიმე სანახავი იყო, რადგან მძიმე საყურებელია, როცა მოღალატე ქართველს საკუთარი ქვეყნის დასანქცირება უხარია. აქტი ქვედა პალატამ მიიღო, თუმცა ბევრი ნაბიჯია კიდევ გადასადგმელი. წარმოებაში მიღებული კანონპროექტების მცირე ნაწილის მიღება ხდება. აქაც თვალსაჩინო ლაკმუსის ქაღალდია – გამოჩნდება, რამდენად რეალურად ხდება ამერიკაში „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლა. კანონის საბოლოო მიღება და ხელმოწერა თუ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება სენატის მიერ აქტის წარმოებაში მიღებას, რეგლამენტის საკითხია, რომ განსახილველ სიაში იქნება კანონპროექტი. ამაში გასაკვირი არაფერია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები