“სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი” – გურამ მაჭარაშვილი
“სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო იქნება უკუეფექტი”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის განწყობაზე სანქციები არ მოქმედებს.
„ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა თქვა, რომ სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკუეფექტს იწვევს და თავი ხომ არ შევიკავოთო. მიხვდნენ, რომ ქართულ საზოგადოებაში მათი პოლიტიკის მიმართ უკუეფექტი ჩნდება, რადგან საქართველოს ევროკავშირში იმიტომ უნდა, რომ მშვიდობა, ეკონომიკა და მეგობრობა გაიზარდოს. იმას თუ ამბობენ, რომ ვიდრე კაცების ქორწინება არ დაკანონდება და ომს არ დაიწყებთ ქვეყანაში, მანამდე ევროკავშირში არ შემოგიშვებთო, რა თქმა უნდა, ამაზე ქართული საზოგადოება უარს იტყვის, რადგან რეალურ ევროპულ ღირებულებებს კარგად ვიცნობთ. სანქციები უკვე გაცვეთილია და რაც უფრო მეტად გაზრდიან მასშტაბს, მით უფრო ექნება უკუეფექტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.