Reuters: არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელსა და სირიას შორის საიდუმლო მოლაპარაკებებში შუამავალია
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელსა და სირიას შორის მოლაპარაკებებისთვის დახურული არხი შექმნეს, – ამის შესახებ, საკითხთან დაკავშირებულმა სამმა პირმა განაცხადა.
ანონიმური წყაროს მტკიცებით, არაპირდაპირი კონტაქტები, რომელთა შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებზეა ფოკუსირებული, ასევე ნდობის აღდგენაზე ორ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც ოფიციალური ურთიერთობები არ აქვთ.
წყაროს თქმით, წმინდა სამხედრო საკითხები, განსაკუთრებით კი ის, რაც სირიაში ისრაელის არმიის საქმიანობას ეხება, ამჟამინდელი განხილვის საკითხი არ არის.
დაზვერვის წყაროს ცნობით, მექანიზმში სხვებთან ერთად ჩართული იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების უსაფრთხოების წარმომადგენლები, სირიის დაზვერვის წარმომადგენლები და ისრაელის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლები.
თემასთან დაკავშირებით, სირიის პრეზიდენტმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა.
„როიტერის“ თანახმად, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა 13 აპრილს, სირიის პრეზიდენტის, აჰმედ შარაას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.