კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „მეგობარი აქტი“ არის მტრული აქტი, რომელიც შინაარსობრივად სიცრუეს ეფუძნება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის „დიფ სთეითს“, რომელსაც აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ბრძოლა გრძელდება. კონკრეტულ აქტს რაც შეეხება, მას მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეს არის მტრული აქტი, რომელიც მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ და, ძირითადად, შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, არასწორ ფაქტებზე. შესაბამისად, ის ვერ იქნება მეგობრული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს.

„თუკი ის მოახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ურთიერთობები გადალაგდება. როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, პირველ პრიორიტეტად მან გამოაცხადა „დიფ სთეითის“ დამარცხება. დღეს, „დიფ სთეითი“ დამარცხებული არ არის. ასევე, მისი პრიორიტეტი იყო ომის დასრულება, არც ომია დასრულებული. კვლავაც გავიმეორებ, რომ ვაკვირდებით და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ კონკრეტული მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ომიც მალე დასრულდება და „დიფ სთეითიც“ მალე დამარცხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები