მამუკა მდინარაძე: ე.წ. ოპოზიციის, აგენტურის, საქმე როგორ არის იცით ამ ე.წ. „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით? – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა – ხავსია ეს აქტი, სინამდვილეში მტრული, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები

“ქართული ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში აგენტურის, საქმე როგორ არის იცით ამ ე.წ. „მეგობარი აქტთან“, სინამდვილეში მტრულ აქტთან დაკავშირებით – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდევ განმარტება სჭირდება, ხავსია ეს აქტი, მტრული სინამდვილეში, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულია ეს ყველაფერი, “- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება ერთგვარი ლაკმუსის ტესტია ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მანვე აღნიშნა, რომ იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს.

„ჯერ ერთი რამდენი თვე არის წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის, იმიტომ, რომ თუ მართლა აბსურდია, ის ვერ გაურკვევიათ მაგალითად, შალვა თადუმაძე ჩაწერილია მოსამართლეების სიაში, ანუ იმდენად ჭორაობის დონეზე შედგენილია დოკუმენტი, ჯერ ხომ გამოშიგნეს მართლა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქვა სხვათა შორის, ჯერ ხომ გამოშიგნეს და რაღაცები ვერ ჩაწერეს, ამის შემდეგ იმდენად არაზუსტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოსამართლეების სიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩაწერეს. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. აქედან გამომდინარე არასერიოზულია ამაზე საერთოდ საუბარი და ამავდროულად ლაკმუსის ქაღალდია და ტექსტია, იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე თუ რეალურად არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაში – არ მოაწერენ ხელს, აღარ მიიღებს სენატი და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები