რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთი შეშფოთებულია ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირებით და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პაჰალგამში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციით. რუსეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ აქტებს, ეწინააღმდეგება მის ნებისმიერ გამოვლინებას და ხაზს უსვამს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობას ამ ბოროტების ეფექტურად წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ რეგიონში სიტუაციის შემდგომი გაუარესება“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე განმარტებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანად, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარდება.

შეგახსენებთ, 7 მაისს, ღამე, ინდოეთმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ინდოეთისა და პაკისტანის საზღვართან პაკისტანის ცხრა “ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე” მიიტანეს იერიში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები