ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით არჩევნებისთვის – ახალი ეროვნული არჩევნებისთვის

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით არჩევნებისთვის – ახალი ეროვნული არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისთვის, საზოგადოების გამთლიანებისთვის, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე ნებისმიერი მსჯელობა დაბნეულობას იწვევს და მთავარი საკითხის გადაჭრისგან ყურადღების გადატანას ემსახურება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით არჩევნებისთვის – ახალი ეროვნული არჩევნებისთვის, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისთვის, საზოგადოების გამთლიანებისთვის, ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის. ახალი ეროვნული არჩევნები – სწორედ ეს არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ ვემზადებით. ვემზადებით რეგიონებში, თბილისში, სხვა ქალაქებში. ხელისუფლება დღეისთვის არ არის მზად, რომ დანიშნოს, მაგრამ ცხადია, რომ ის ვითარება, რომელიც ახლა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ირგვლივ არის შექმნილი, შეუძლებელს ხდის ხელისუფლებამ თავის მოკატუნება გააგრძელოს. ვითომ ქვეყანაში კრიზისი არ არის და ამავდროულად, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იყოს, რაც დიდ პრობლემებს უქადის ჩვენ ქვეყანასა და თანამოქალაქეებს. ერთადერთი ცივილიზებული, დემოკრატიული გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაფერი ქმნის უკიდურეს დაძაბულობას ქვეყანაში. ქვეყანა უკვე ვეღარ გაუძლებს ამ დაძაბულობის გაგრძელებას, ამიტომ საჭიროა კრიზისი განმუხტვა.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მხოლოდ ახალი, ეროვნული არჩევნების ჩატარებაზე. ნებისმიერი მსჯელობა ამ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ და მხოლოდ დაბნეულობას იწვევს და ემსახურება ფოკუსის გადატანას მთავარი პრობლემის გადაჭრისგან. მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები