სოზარ სუბარი – „ნაცმოძრაობაზე“: ერთადერთი, რასაც ნანობენ, ისაა, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ
„ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე – ძალადობასა და ტყუილზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, რაც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც კომისიის სხდომაზე ჰყვებიან სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეები“, – ამის შესახებ 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ვალერი გელაშვილის, გოჩა კაკოიშვილის და ბესიკ დანელიას უფლებების შელახვის ფაქტები განიხილებოდა კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
ვიცე-სპიკერმა სპეცაგენტურა უწოდა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი მედიის წარმომადგენლებს.
სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა „პოს ტვ“-ის ჟურნალისტის ნათია ბერიძის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის არის ჟურნალისტი, რომელიც უშიშრად და სიმართლით ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება თავის პროფესიას.
„შემზარავი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც ახლა ვისმენთ და ეს არ არის მხოლოდ ერთი მაგალითი. კარგად ვიცით, რომ ასეთი ამბები ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო. თქვენ გაიხსენეთ ნათია ბერიძე. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის პროფესიას უშიშრად და სიმართლით ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება. დღესაც კი, როცა ნაცების დამნაშავე რეჟიმი გადასულია ოპოზიციაში, წარმოუდგენელი ზეწოლის, შეურაცხყოფის და მუქარის ატანა უწევს ამ ადამიანს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ნაცრეჟიმის წარმომადგენლები არც ზნეს იცვლიან და არც ფერს. ჩვენი კოლეგები, კომისიის წევრებს ვგულისხმობ, ხშირად ეკითხებიან ხოლმე გამოკითხვაზე მობრძანებულ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მოქალაქეები, – სინანული თუ მოგისმენიათ სააკაშვილის რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლისგანო?
პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ერთადერთი, რასაც ისინი ნანობენ, ისაა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე და ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. სხვა სინანული, ცხადია, მათ არ აქვთ.
რაც შეეხება ნათია ბერიძის, მისი რეპორტაჟები და მისი სიტყვა ბევრს რომ არ მოსწონს, კარგად ვიცით. მაგრამ მის რეპორტაჟებში ვერ იპოვიან ვერცერთ სიტყვას, რომელთანაც ფაქტების სიზუსტეზე შეკამათება შეიძლება. ნათია ბერიძე არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამბობს სიმართლეს, განსხვავებით მათი სპეცაგენტურისგან, დიახ, სპეცაგენტურისგან, რადგან მათ ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებთ. ეს სპეცაგენტურის წარმომადგენლები იგონებენ ფაქტებს, აყენებენ ადამიანებს შეურაცხყოფას და რასაც ისინი მაშინ აკეთებდნენ ტყვიით და წამებით, დღეს ესენი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ცდილობენ იგივე გააკეთონ.
ეს იყო რეჟიმი, რომელიც იდგა ორ საძირკველზე – ძალადობასა და ტყუილზე, შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, რომელიც ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის უმძიმესი ისტორიები, რასაც ჰყვებიან კომისიის სხდომაზე მოწვეული ნაცრეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.