ლევან მურუსიძე – სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო

„სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებით წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო, ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე? ეს ხომ პოლიტიკა არის რეალურად,“ – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება.

„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა. ხომ არ შეიძლება თქვან, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვასანქცირებთო. შეიძლება თქვან, რომ ლევან მურუსიძეს, კონკრეტულად ამ საქმეში ჰქონდა რაღაც დაინტერესება და მატერიალური შედეგი უნდოდა მიეღო, გავცემდი პასუხს. აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს. სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება“, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები