ევროპის იმუნიზაციის კვირეული თელავში სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა

27 აპრილი – 2 მაისი ევროპის იმუნიზაციის კვირეულია, რომელიც თელავში სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, კვირის განმავლობაში, შეხვედრები გაიმართა ბავშვებთან, მოზარდებთან, მათ მშობლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებთან.

,,კამპანიის ფარგლებში ღონისძიება მოეწყო საექიმო უბნებსა და ბაღებში, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებმა ვაქცინების შენახვის პირობები შეამოწმებს და ობიექტებში საჭირო საინფორმაციო მასალები განათავსეს.

შეხვედრა გაიმართა პირველადი ჯანდაცვისა და იმუნიზაციის მიმწოდებელი დაწესებულებების პერსონალთან, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს 2025 წლის რუტინული იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი და აღნიშნულის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმეს შესაბამისი აქტივობები.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის მედპერსონალმა კი ბავშვების მშობლებთან საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რა დროსაც იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

იმუნიზაციის კვირეული, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრით დასრულდა.

სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ და პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტი იმუნიზაციის კვირეულს ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით აღნიშნავს. მიმდინარე წლის კამპანიის ძირითადი თემა, „იმუნიზაცია ყველასთვის – ჩვენ ეს შეგვიძლია“, ხაზს უსვამს იმუნიზაციით მოცვის ხარვეზების აღმოფხვრაში ადამიანის ინდივიდუალურ და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები