ლევან ჟორჟოლიანმა გაერო-ს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და გაერო-ს 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, გაერო-ს სააგენტოებს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩოში იქნება გათვალისწინებული. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაერო-ს სააგენტოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, გაეროსთან თანამშრომლობის მიმართულებით ქვეყანას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს, ესენია – ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაეროს მუშაობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„განვიხილეთ 5 წლის განმავლობაში საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, პრიორიტეტები და მიმართულებები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორ მიმართულებას, ეს არის გაერო-ს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს მწვანე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის დოვლათი თანაბრად განაწილდეს, როგორც სასოფლო, ასევე ურბანულ არეალებზე. ასევე ვიმსჯელეთ სხვადასხვა პრიორიტეტებზე, რომელიც მომავალ წლებში საფუძვლად დაედება გაეროს ყველა სააგენტოსა და შესაბამისი სამინისტროების სამოქმედო გეგმას,“ – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა. მისი თქმით, გაეროს წარმომადგენლობა კონსულტაციებს მართავს საქართველოში პარტნიორ უწყებებთან, რათა ერთობლივად გაიწეროს პრიორიტეტები და განისაზღვროს, რა შეიძლება იყოს გაეროსთვის პრიორიტეტულად განსახორციელებელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოში.
შეხვედრას გაეროს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელი პირი და მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.