ლევან დავითაშვილი: „აშშ-ში საგაზაფხულო სესიების ფარგლებში, მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ეროვნულ ბანკთან ერთად, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა პარტნიორ ორგანიზაციებთან”
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ამერიკაში ვიზიტი შედგა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ეროვნულ ბანკთან ერთად ჰქონდა საინტერესო შეხვედრები პარტნიორებთან. პარალელურად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, აშშ-ის კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებში, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში.
„ეს არის საგაზაფხულო სესიები, როგორც წლიური შეხვედრები, რომელიც ყოველთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვიგებთ მიმდინარე წლის ძირითად ტენდენციებს რაც საერთაშორისო საფინანსო სისტემაში ხდება, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრიორიტეტებზე შეგვიძლია მივიღოთ მეტი ინფორმაცია. ეს არის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა პირებმა მიიღონ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ობიექტური ინფორმაცია, რათა ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იყოს კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტიანი” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და პოზიტიური დინამიკა, საქართველოს გააჩნდეს დაფინანსების მუდმივი და პროგნოზირებადი წყაროები საინტერესო პრიორიტეტული პროექტებისთვის და სწორედ ამ მიმართულებით მოხდა ძალიან ბევრი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა აშშ-ში ვიზიტის დროს, მთელი კვირის განმავლობაში.