იონათამიშვილი – პოლ მასაროს განცხადებაზე: საქართველოში მაიდანი არ იქნება
“საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული, რომ საქართველო გაანადგურონ და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები ეხმარებიან”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის, პოლ მასაროს რუს პრანკერებთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა – რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაიდანი მოხდეს.
„საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება და ვერც „ვოუქ იდეოლოგიას“ გაატარებს ვინმე. ვინც ამას ვერ ხვდება, მით უარესი მათთვის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული იმისთვის, რომ რაიმენაირად საქართველო დაანგრიოს და გაანადგუროს და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები კი არ ეხმარებიან, არამედ პირდაპირ ავალებენ და ხელმძღვანელობენ საქართველოს მტრულ პროცესში. ჩვენ ვხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ერთობით, ჩვენი სიმტკიცით და პრინციპულობით ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.