სოზარ სუბარი „ქილერაზე”: მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯალათზე ვლაპარაკობდი ყოველი საპარლამენტო მოხსენების დროს და დეტალურად ვყვებოდი, თუ პირადად როგორ აწამებდა პატიმრებს, მიხეილ სააკაშვილმა იგი ღირსების ორდენით და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
პატიმრების წამებაში მსჯავრდადებულ ალექსანდრე მუხაძეზე, მეტსახელად „ქილერას” შესახებ ისაუბრა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მუხაძის, მეტსახელად „ქილერას” სისასტიკის შესახებ, ის როგორც სახალხო დამცველი პარლამენტის ტრიბუნიდან ხშირად საუბრობდა, მიხეილ სააკაშვილმა „ქილერა” ორჯერ წარადგინა უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, ალექსანდრე მუხაძე დღეს პოლიტიკური დევნილის სტატუსით უკრაინაში იმყოფება.
„ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა”, ჯერ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების დირექტორი იყო, სადაც პატიმრების წამებით გამოირჩეოდა და შემდეგ – მე-8 დაწესებულების დირექტორი. ეს იყო ადამიანი, რომელიც პირადად მონაწილეობდა პატიმრების წამებაში და არაერთ საქმეზე არის მსჯავრდადებული, ზოგ საქმეზე კი ბრალდებული, რადგან დღესაც არაერთ საქმეზე გრძელდება გამოძიება. ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში გაკეთებულ ყველა მოხსენებაში ხვდებოდა მისი გვარი და სახელი და, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში წარდგენილი ყოველი ანგარიშის დროს საპარლამენტო ტრიბუნიდან ხმამაღლა ვლაპარაკობდი, როგორ აწამებდა ის პირადად პატიმრებს, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა, 2012 წლის 12 მაისს კი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც მართლაც სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები და გმირები არიან დაჯილდოებულები. სამწუხაროდ დღეს ეს ადამიანი უკრაინაში იმყოფება პოლიტიკური დევნილის სტატუსით, იმ უკრაინაში, რომელიც თითქოს მეგობრობას ეფიცებოდა ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.