“პროფესიული განათლების სისტემაში რეგისტრაცია გამოცხადდა, რომელიც 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”- მათე ტაკიძე

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო. ამის შესახებ პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა, მათე ტაკიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც ტაკიძემ განაცხადა, სწავლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

“28 აპრილს პროფესიული განათლების სისტემაში რეგისტრაცია გამოცხადდა, რომელიც 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მინდა,
კიდევ ერთხელ საქართველოს ყველა მოქალაქეს მივმართო და
ვუთხრა, რომ საქართველოს
ყველა რეგიონში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა კოლეჯში ძალიან კარგი მიმართულების პროგრამებია გამოცხადებული. შეგიძლიათ, დედაქალაქსა და რეგიონებში კოლეჯებს მიმართოთ.

სწავლა სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, დარეგისტრირება. სწავლის მსურველებს ხვდებათ ძალიან კარგად აღჭურვილი თანამედროვე ტიპის კოლეჯები, კარგად აღჭურვილი ლაბორატორიებით, მომზადებული და გადამზადებული კარგი პედაგოგებით, რაც იმის წინაპირობას გვაძლევს, რომ ქართული პროფესიული განათლების სისტემა ძალიან წარმატებულია.

ასევე მინდა, გითხრათ, რომ ბიზნესის დაინტერესება ძალიან დიდია. დღეს ქართულ შრომის ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნები და კადრების დეფიციტია. ბიზნესს ბევრი კვალიფიციური, კარგად
მომზადებული, პროფესიონალი კადრი სჭირდება. მათი დასაქმება ძალიან გამარტივდა გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ეკონომიკას, ქართულ ბიზნესს და ზოგადად ბაზარს, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი კარგი კადრი სჭირდება.

მიღება სამ მიმართულებაზე გვაქვს გამოცხადებული. ესენია: დუალური განათლების მიმართულება, რომელიც შრომაზე დაფუძნებულ სწავლებას ნიშნავს, მოდულარული განათლება, სადაც სხვადასხვა მიმართულებით ისწავლიან და პროფესიონალები გახდებიან. ასევე ინტეგრირებული სწავლება. რას ნიშნავს ინტეგრირებული სწავლება – ეს არის, როცა საბაზო განათლების კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა, პროფესიულ კოლეჯში სასურველ პროფესიაზე ჩააბაროს და თანმდევად პროფესიული
განათლების ატესტატი მიიღოს, პროფესიონალი გახდეს, დასაქმდეს და კარგი კარიერა აიწყოს. ასევე მას შეუძლია, საშუალო განათლების სასკოლო ატესტატი მიიღოს. ორივეს თანადროულად იღებს, როგორც პროფესიული განათლების დიპლომს, ასევე საშუალო განათლების სასკოლო ატესტატს. ინტეგრირებული
სწავლების ეს ფორმა ძალიან
მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება. მინდა, მოსწავლეებს, მათ მშობლებს ვუთხრა, რომ ქართული პროფესიული განათლების სისტემაში ძალიან ბევრ კოლეჯს ავტორიზებული პროგრამები აქვს, შეგიძლიათ, მიმართოთ და დარეგისტრირდეთ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ რეფორმის თანახმად, პროფესიული განათლების სისტემა არა მხოლოდ პროფესიულ კოლეჯებში, არამედ უკვე სკოლებში შევიდა. თითო პროფესია, რომელიც სკოლის მიერ იქნა არჩეული, უკვე განვითარებულია, საპილოტედ განვითარება 20 სკოლაში დაიწყო. სკოლები საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა რეგიონში იქნება შერჩეული (დაახლოებით 100 სკოლამდე), სადაც პროფესიული
განათლების მიმართულება უნდა განხორციელდეს. ეს ძალიან
მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის და ასევე იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სასურველი პროფესია მიიღონ. არჩევანი ძალიან დიდია, ყველა გემოვნების მიმართულებისთვისაა.
მინდა, გითხრათ, რა მიმართულებებზე გამოცხადდება მიღებები. ესაა: სამშენებლო ინჟინერია, რომელშიც უამრავი პროფესიაა ჩაშლილი, IT მიმართულებები, სადაც ასევე საინტერესო მიმართულებებია, სერვისის სფერო და ტურიზმის
მიმართულება, სადაც არის როგორც სამზარეულო, ასევე კონდიტერი, ტურიზმის სერვისის მიმართულება, ტუროპერატორები, ასევე საექთნო
საქმე, რომელზეც მოთხოვნა ერთიორად იზრდება, სოფლის მეურნეობა, აგრარული
მიმართულებების სექტორი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა და
შესაბამისად, ბიზნესს აქაც ძალიან კვალიფიციური და კარგად მომზადებული კადრები სჭირდება.

ასევე, მინდა, განცხადება შშმ პირებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების განათლებასთან დაკავშირებით გავაკეთო. მათთვისაც ცხადდება მიღება და შემიძლია, ვთქვა,
რომ მათი სერვისები განსაკუთრებულად გაუმჯობესებულია. ჩვენი სერვისები გახლავთ ავტოტრანსპორტით მომსახურება, მობილობის მწვრთნელის, ჟესტიკულაციის პედაგოგის აყვანა. თუ საჭიროება იქნება, სანიტრის აყვანა. ჩვენ ისე ვახერხებთ, რომ ადმინისტრაციაში მომზადებული კადრები და პედაგოგები ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას ადგენენ, რათა
პირობები გავაუმჯობესოთ, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს, თავიანთი უნარები განავითარონ, კარიერა გაიკეთონ და წარმატებით დასაქმდნენ”- განაცხადა მათე ტაკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები