თეა ახვლედიანმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონალურ დირექტორთან გვი იოპ სონთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა გაერო-ს რეგიონალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს მიერ შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული საქმიანობისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ამ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გაერო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ასევე საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გაეროს რეგიონალურმა დირექტორმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები