“საბოლოო ჯამში, საღი აზრი და სიმართლე იმარჯვებს, სწორედ ამ ტენდენციას ვაკვირდებით, ეს არ არის პირველი სიგნალი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მივიღეთ ევროკავშირისგან, სხვა განწყობებიც არის, მათ შორის წევრ სახელმწიფოებში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ერთადერთი გამოსავალი დიალოგი უნდა იყოს იმ გაუგებრობებიდან, რაშიც დღეს ვართ. გაუგებრობებს და აზრთა სხვადასხვაობას დიალოგი სჭირდება, რათა გავარკვიოთ, სად და რატომ ვდგავართ. რაც მთავარია, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ვითარებაში არ ვიყოთ. ამიტომ, თუ ეს განცხადება დიალოგის ნაბიჯებში გადაითარგმნება, ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვიქნებით, რომ დიალოგში ყველა თემაზე ვისაუბროთ, რაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში არსებული ტენდენცია დადებითია და მივესალმებით იმას, რომ უფრო მეტად ისმის ხმა დიალოგისკენ და იმისკენ, რაც ნორმალურია. დღევანდელი მდგომარეობა ნორმალური არ არის. ამიტომ, მივესალმებით, რომ ბრიუსელიდან საღი აზრს და ობიექტურობას ნელ-ნელა უფრო ფართო მასშტაბით ვიგებთ, მაგრამ არ მინდა, რომ ვარდისფერი სათვალით ვიყურებოდეთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი სახელმწიფოა, რომელსაც განსხვავებული ინტერესები აქვს და მაქსიმალურად ბლოკავენ ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოში დაბრუნებას. ამიტომ, განსაკუთრებულ მოლოდინს არ ვიქმნით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დიალოგისთვის მზად ვართ. ურთიერთობის ანატომიას რომ შევხედოთ, მარტივია – ჩვენ არარაციონალური ნაბიჯები არ მიგვიღია. ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ლოგიკურია, რომ არსებული მდგომარეობა მისაღები არც ჩვენთვის იყოს და არც მათთვის. ჩვენ იმის არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ ევროკავშირს დავცილდეთ, პირიქით, სურვილი გვაქვს, რომ რეგიონში ევროკავშირის სანდო პარტნიორები ვიყოთ. თუ იგივე სურვილი აქვს ევროკავშირს, ურთიერთობების აღდგენისთვის მზად ვართ. როგორც ჩანს, საღი აზრი ნელ-ნელა ქალაქში ბრუნდება. არ გვინდა, რომ ილუზიებში ვიყოთ. სხვა დედაქალაქებისგანაც ნელ-ნელა სხვადასხვა სიგნალი მოდის, რომ მათ ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვთ, თუმცა ბურთი მათ მოედანზეა, თუ ნაბიჯებს გადმოდგამენ, მზად ვართ, დიალოგისთვის“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებამ“ ინტერვიუ გაავრცელა გაფართოების საკითხებში კომისართან, მარტა კოსთან, რომელმაც არ გამორიცხა კონტაქტების აღდგენა „ქართულ ოცნებასთან“.