შოთა ხაბარელი: სპორტის თითქმის ყველა სახეობაში გამარჯვება ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით
“ჩვენი ძიუდოისტები ძალიან გვანებივრებენ ბრწყინვალე გამოსვლებით. ევროპის ჩემპიონატზე ახლანდელმა გამოსვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა”, – ამის შესახებ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა განაცხადა.
მისი თქმით, სპორტის თითქმის ყველა სახეობაში გამარჯვება ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო სპორტის მიმართულებით აკეთებს.
„გარდა იმისა, რომ მოიპოვეს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი, გუნდურ შერეულ ჩათვლაში, ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი გოგონების ბრწყინვალე გამოსვლა. ეს იყო უპრეცედენტო წარმატება ძიუდოს ისტორიაში გუნდურ ჩათვლაში, სადაც გოგონები მონაწილეობდნენ. ეს არის ქართული ძიუდოს უდიდესი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობას.
სპორტის თითქმის ყველა სახეობაში ეს სერიული გამარჯვებები ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით. ყველას გვახსოვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი. ეს არის მოტივაცია და მაგალითი თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სპორტი დაფინანსებული და როგორი პირობები უნდა იყოს შექმნილი. ის, რომ ინფრასტრუქტურა ვითარდება, ბიუჯეტი ორმაგდება, გამარჯვებულ სპორტსმენებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემა – ეს გვაძლევს ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს“, – აღნიშნა შოთა ხაბარელმა.