“შვეიცარია საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ბერნში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და ამავე ჯგუფის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი შედიან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შვეიცარია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. მისივე თქმით, საპარლამეტო დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას.
“შვეიცარია ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში, როგორც მედიატორი ქვეყანა. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შვეიცარიაში ვიზიტი არ განხორციელებულა და ამიტომ, ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანო ეტაპი იწყება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. განსაკუთრებით აღვნიშნავდი საქართველო – შვეიცარიის მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის დაწყებასაც. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შვეიცარიის პარლამენტში პირველად შეიქმნა და ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩვენმა საელჩომ და ელჩმა. უკვე შედგა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელის, ფილიპო ლომბარდის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური იქნება. ბევრი თემა და ბევრი საკითხია, რომელიც ორმხრივი ინტერესის საგანია და ერთობლივი მუშაობისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ვიმუშავებთ მეგობრობის ჯგუფების ფორმატში ორმხრივად იმისათვის, რომ ეს ვიზიტები, ორმხრივი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებში იყოს ტრანსფორმირებული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის ისეთი ქვეყნის მხარდაჭერა, როგორიც შვეიცარიაა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის კუთხით”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები