ინდოეთში, ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია 26 ადამიანი

ქაშმირის პროვინციაში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, დაჭრილია 17 პირი, – ინფორმაცია ამის შესახებ „ბიბისიმ“ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ტურისტულ ქალაქ პაჰალგამის მახლობლად თავდასხმის დროს, შეიარაღებულმა პირებმა ტყეები ააფეთქეს და ავტომატური იარაღით სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს.

ინდური მედიის ცნობით, თავდასხმაში ორი ან სამი პირი მონაწილეობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ნაკლებად ცნობილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „ქაშმირის წინააღმდეგობამ“ აიღო.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონში 85 ათასი უცხოელი დასახლდა, რამაც დემოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია. ამის გამო დაჯგუფება იმუქრება, რომ მათ, ვინც არალეგალურად ცდილობს რეგიონში დასახლებას, ძალადობით უპასუხებენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ შეწყვიტა მოგზაურობა და დელიში დაბრუნდა, რათა უსაფრთხოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართოს. მან მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და პირობა დადო, რომ ამის ჩამდენები პასუხისგების გარეშე არ დარჩებიან.

როგორც “ბიბისი” წერს, ქაშმირში, რომელზე პრეტენზიას როგორც ინდოეთი, ასევე პაკისტანი აცხადებს, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა აჯანყება ინდოეთის მმართველობის წინააღმდეგ, რამაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა, ტურისტებზე თავდასხმები იშვიათი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები