17 აპრილი კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების დღეა

17 აპრილი დიდი კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების დღეა. ქართული თანამედროვე თეატრის ფუძემდებელი რეჟისორი 1872 წელს  ყვარელში დაიბადა.

მარჯანიშვილის დაკრძალვის კადრები

„იგი მოვიდა ამქვეყნად იმისთვის, რომ მშობლიური თეატრი გარდაიქმნა და აეყვანა ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქართული თეატრი, როგორც ერთი მთლიანი ჰარმონიული ორგანიზმი, არასოდეს ასულა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თეატრი. მარჯანიშვილის ირგვლივ იკრიბებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შემოქმედებითი აზროვნებითა და ნიჭით უნდა ჩამდგარიყო ხალხის ხელოვნებისათვის თავდავიწყებულ სამსახურში. აზრების, გრძნობების ასეთი შერწყმა, სხვადასხვა თაობის მსახიობთა ასეთი ერთიანობა ქართული თეატრისათვის აქამდე უცნობი იყო…
ჩვენი სცენა სადღესასწაულოდ მოირთო, აივსო მუსიკის ხმებით, ათამაშდა ათასგვარი ფერებით, ყველა წვრილმანზე შეიძინა დიდი მნიშვნელობა, ცხოველმყოფელობა, სიცოცხლის დამკვიდრება შეიტანა მარჯანიშვილმა ქართულ თეატრში“ – წერდა მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე 1972 წელს.
კოტე მარჯანიშვილი 1933 წლის 17 აპრილს რუსეთში, მოსკოვში გარდაიცვალა. მისი ფერფლი საქართველოში ჩამოასვენეს და 1933 წლის 29 აპრილს ოპერის თეატრის ეზოში დაკრძალეს.
საკუთარი თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის გამოსვენებასა და დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კინო-კადრები 2022 წელს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაციფრულდა.
„ტრადიცია იყო, მარჯანიშვილის თეატრის დასი და თეატრის მოღვაწენი მის საფლავზე იკრიბებოდნენ. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაიკარგა“, – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე გუბაზ მეგრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები