გიორგი ალიბეგაშვილი: სვეტიცხოვლობა არის დღესაწაული, როდესაც საქართველო რწმენით, სულიერად და ეროვნულად ერთიანდება

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ სხვა საზეიმო ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ”ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი” დღე უწოდა და ეს დღე მთელს ქართველ ერს მიულოცა.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო სვეტიცხოვლობა. ეს არის ის დღე, როდესაც საქართველო რწმენითაც ერთიანდება, სულიერადაც და ეროვნულადაც. ღმერთმა ინებოს, რომ ეს დღე საქართველოს გამთლიანების, ერთიანობის და წინსვლის დასაწყისი ყოფილიყოს. ეს დღე ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს მივულოცო. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და თითოეული ჩვენგანი“, – განცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს ასევე მიულოცა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და აღნიშნა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღესთან დაკავშირებით მცხეთაში ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რაც დღესასწაულს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ეს ბრწყინვალე დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელსაც ქართველი ერისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამგვარი დღესასწაულების სათანადოდ აღნიშვნა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მარადიული ღირებულებების ერთგულნი ვრჩებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით მცხეთაში ეწყობა კულტურულ – სპორტული ღონისძიებები. ასევე იმართება რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა, მუნციპალიტეტებისა და კერძო კომპანიებისათვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში”,- განაცხადა ტალიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამგვარ დღესასწაულებზე ადგილობრივი კულტურული წარმოების ხელშეწყობა ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები