სოზარ სუბარი 20 ივნისის დარბევაზე: როდესაც ვთქვი, რომ არანაირი დარბევა არ მოხდებოდა, ეს არის განცხადება, რომელიც გაკეთდა გახარიას მიერ ბრძანების გაცემამდე, მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების ძალისმიერი აღკვეთა და დარბევა არ მოხდებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე გიორგი გახარიას მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების განხილვისას, განცხადება გააკეთა.
დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტზე შტურმი იყო დაგეგმილი და ამ მხრივ კითხვები არ არსებობს, კითხვები არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ძალების პროპორციულობაზე.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც 20 ივნისს დეპუტატი მედიასთან აცხადებს, რომ დარბევა არ იქნება.
„მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების არანაირი აღკვეთა და დარბევა არ იქნებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან. 1 საათის შემდეგ იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმაც და მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 10 წუთის შემდეგ, გიორგი გახარიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაზეც ამდენი ხანია საუბრობს”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი 20 ივნისის ღამის პროცესების განვითარებამდე 1 საათით ადრე იყო და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის დარბევის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.
„პატარა განცხადება მაქვს. ის რომ შტურმი იყო პარლამენტის შენობაზე, ეს არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და სახელმწიფოს აქვს უფლება ამ დროს გამოიყენოს ძალა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საუბარია მხოლოდ იმაზე, იქნა თუ არა გამოყენებული ის ძალა, რომელიც საკმარისი იქნებოდა კანონის დასაცავად და მინიმალური იქნებოდა ზიანი მოქალაქეების მიმართ. აი აქ, სერიოზული კითხვები არსებობს.
ამოიქოქა ცილისწამების მთელი ქარხანა და ძალიან აქტიურად ავრცელებენ ჩემს განცხადებას [20 ივნისის], სადაც ვამბობ, რომ არანაირი დარბევა არ იქნება. ეს არის განცხადება, რომელიც გაკეთდა გახარიას მიერ ბრძანების გაცემამდე. მე და ქალბატონი სოფო ქაცარავა ვიყავით იმედის ტელევიზიაში, ვისაუბრეთ თუ რა ხდებოდა პარლამენტში, გავაკეთეთ შეფასება, შემოსასვლელში დაგვხვდნენ ჟურნალისტები. მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების არანაირი აღკვეთა და დარბევა არ იქნებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან. 1 საათის შემდეგ იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმაც და მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 10 წუთის შემდეგ, გიორგი გახარიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაზეც ამდენი ხანია საუბრობს და რაზეც თვითონ ყოველ ჯერზე ამბობს, რომ გადაწყვიტა ერთპიროვნულად და არავისთან არ შეუთანხმებია. ასე რომ, ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს მიერ პროცესების დაწყებამდე 1 საათით ადრე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, თითქოს მაშინ სხვა რამეს ვამბობდი, განვმარტავ, არანაირი განსხვავება არაა ამ პოზიციას შორის, რაც ახლა მაქვს და იმ პოზიციას შორის, რაც მაშინ, პროცესამდე 1 საათით ადრე დავაფიქსირე,” -განაცხადა სოზარ სუბარმა.